ერთი ოჯახის მიერ ამ წლის შემოდგომაზე მოწეული 15 ტონა სიმინდი, ერთ ნალიაში არც ისე ადვილი დასატევია, თუმცა, შეუძლებელი არაფერია. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელი ოზურგეთი რაიონულ ცენტრს ზედ ეკვრის და აქ მოსახლეობას სახნავ-სათესი ფართობები არც ისე უხვად აქვს, თუმცა, აქაურ მკვიდრ ცოლ-ქმარს _ ანზორ და ნანა დოლიძეებს საკმაოდ მოშორებულ ლეკიანის ფართობში ყოველწლიურად ტონობით სიმინდის მოსავალი ელით და თუ რომელიმე წელს მხოლოდ 10 ტონა მოიწიეს, იმ წელიწადს მოსავლიანად აღარ თვლიან. მაინც როგორო, იკითხავს დაინტერესებული მკითხველი. ქვეყანაში, სადაც მიწასთან მიჯაჭვულ გლეხკაცობას, ცხრა წელია, ოცლარიანი ვაუჩერით აცხოვრებენ, თავგადადებული მუშაკაცი, მთელ ზაფხულს საყანე ფართობში ჩადგმულ მომცრო კარავში ატარებს და ყოველგვარი ნადის გარეშე, 15 ტონა სიმინდს იწევს. სხვათა შორის, ანზორ დოლიძე ის კაცია, ვინც მინისტრყოფილ კვეზერელის ამერიკული ყვითელი თუ თეთრი სიმინდის ფანტაზიას იმთავითვე შეეწინააღმდეგა და თავის ფართობში არ გააჭაჭანა, სამაგიეროდ კი საკუთარი მარჯვენით მოწეული სიმინდით მართლაც დაიწყო მამაპაპურმა ნალიამ ტორტმანი, განსხვავებით კვეზერელის შეპირებისა, რომელიც, გასული წლის გაზაფხულზე, ნალიების სიმინდისგან წაქცევას გვპირდებოდა.
_ ვინც ყვითელი სიმინდი დათესა, კი დეიფსო, ვეხვეწე ერთსა და მეორეს, არ ქნათ მაი, მაგენი კარგს აფერს გირჩევენ, დეიჯერეთ და ჭამეთ ჩემი დარჩეული ლობიო,-მეთქი, მარა ბევრმა ყური არ მათხოვა… კი დეემართათ სეირი, _ გვიამბობს ანზორ დოლიძე და საკუთარ ეზოში დახვავებულ სიმინდის კალოს შუქიანი, უსაზღვრო კმაყოფილებით სავსე თვალებით გასცქერის.
ურიგო არ იქნება, მკითხველს შევახსენოთ, რომ ანზორ დოლიძის მეუღლე, ქალბატონი ნანა, “გურია ნიუსის” ყველაზე წარმატებული დისტრიბუტორია და დიდი ოჯახის დიდ დიასახლისობასთან ერთად, ჩვენი გაზეთის ჭირისუფალიცაა.
ანზორ დოლიძე ლეკიანის ფართობში ჰექტარნახევარ მიწის ნაკვეთზე იწევს 15 ტონა სიმინდს. ოჯახიდან მოშორებულ ათეულ კილომეტრზე მდებარე ფართობში იგი, თითქმის, ჩასახლებულია და მთელ ზაფხულს იქ ატარებს. ყანის დასამუშავებელ ფულს, ძირითადად სესხულობს, შემდეგ კი მოსავლის მიღებამდე თანდათან ისტუმრებს.
_ თესვის სეზონზე დახვნისთვის საჭირო თანხას, უფრო ხშირად ვსესხულობ, ხან გადანახულიც მაქვს. შემდეგ, ჩემი საყანე ფართობის გარდა, სამ ჰექტარს სხვისას ვთოხნი, რომ ფული ავიღო და აღებული ვალის გასტუმრების გარდა, სასუქის თანხაც გადავინახო. მთელი ზაფხული ჩემს კარავში ვარ, მეუღლე ჩამოირბენს ხოლმე, ერთი კვირის სამყოფ სურსათს “მომითავყუდებს”, მიმილაგებს ყველაფერს და ვართ ასე, _ გვიამბობს ბატონი ანზორი და აწ გარდასული მთავრობის მისამართით საყვედურებს არ იშურებს, _ რომ მაძალებს, ხან ყვითელი სიმინდი დათესეო, ხან 20-ლარიანი ვაუჩერი იჩუქეო, არ მინდა მაგფერი რჩევა და არც მაგფერი ჩუქება. მკითხე, დალოცვილო, რა სჭირდება გლეხკაცს, ამ ყანას და გეტყვი, რა მიჭირს, რა მილხინს. ამის პროფესორი მე ვარ და შენ რაც იცი, ზედ გეტყობა, საშველი ხომ არ დაგვაყენეს _ ვის ჰყოფნის მაგი ვაუჩერი, რამდენი წელი უნდა აიგდონ მასხრად მშრომელი კაცი, დასასრული არ აქვს ამ კინოს?
ანზორ დოლიძე იმასაც აღნიშნავს, რომ ყველა გლეხკაცს არ შეუძლია იმდენი შრომისა და რისკის გაწევა, რასაც თვითონ აკეთებს. ადამიანს, თავისი შესაძლებლობის მიხედვით უნდა მისცეს ხელისუფლებამ საშუალება, რომ ოჯახი გამოკვებოს, მარჩენალი მიწა არ შეაძულოს და შრომაზე გული არ აუყაროს.
_ ნახევარი გაზაფხული და მთელი ზაფხული ოჯახს მოწყვეტილი ვარ, ჩემი ბაბუკოები მენატრება, კარავში მძინავს და სარჩოც უხვად მაქვს, მაგრამ მეც ხომ ადამიანი ვარ და ჩემს ნაშრომ ჭერქვეშ ყოფნა მინდა. ნუთუ, შეუძლებელია, მშრომელ კაცს მეტი გასაქანი ჰქონდეს და საკუთარ ოჯახს თვეობით არ წყდებოდეს? _ დაგროვილი კითხვების დასმის პარალელურად შრომის დეტალებზეც დაუზარელად საუბრობს:
_ ეს საყანე ფართობი, ყველა ჩემი როდია _ ხალხს მიზომილი აქვს საკუთრებაში, მაგრამ უმეტესობა ვერ თესავს. ყველა ჩემსავით არ წავა კარავში, ბევრს ფიზიკური შრომაც ნაკლებად შეუძლია. ამიტომ მოველაპარაკები ხოლმე მიწის ასეთ მეპატრონეებს და ვთესავ მე. სიმინდთან ერთად, ლობიოს, სოიოს და კვახსაც საკმაოდ ვიწევ, ოღონდ ისე, რომ ზომიერებას ვიცავ. ყანა არ უნდა დაიჩაგროს. ბოლო ხუთი წელია, სეზონზე, საშუალოდ, 15 ტონა სიმინდს ვიწევ. თუ დამიჯერებთ, თოხნა-მარგლაზე ნადი არასდროს მყოლია, ტეხვისას _ კი. ახლა ამ სიმინდს რომ დავახარისხებ, სათესლეს ცალკე ვინახავ, საჭმელად ცალკე, შინაური პირუტყვისა თუ ფრინველისთვის _ ცალკე. სამ თვეს ქატოს ყიდვა არ მჭირდება.
მიუხედავად იმისა, რომ ტონობით სიმინდს იწევს, ბატონ ანზორს გასაყიდად მაინც არასოდეს ემეტება ჭირნახული, რადგან ძალიან დიდი შინამეურნეობა აქვს. სიმინდის ისეთ უხვ მოსავალს იწევს, ზოგან მთელი სოფლის ნაშრომს რომ უდრის, ამასთანავე შინაური პირუტყვისა თუ ფრინველის დიდი რაოდენობა ჰყავს, _ ერთი შეხედვით ესეც დაუჯერებელი, _ 15-ლიტრიანი ძროხა პატარა “შველიათი”, სამი დედა ღორი და “საკალანდოდ დასაკლავ-გასაყიდი 12 ნაზარდი”, რომელსაც განსაკუთრებით უვლის. 100 ფრთა ქათამი და მრავალი ინდაური… ანზორ დოლიძე იხსენებს გარდასულ წელს, როცა 30 ფრთა ინდაური ჰყავდათ და მოულოდნელად ჭირით დაეხოცათ. იცინის კიდეც, როცა იხსენებს, მეუღლემ, ქალბატონმა ნანამ როგორ დაიტირა ეს ინდაურები:
_ ჩვენი ჭირიც წაუღია. ისე, ნანამ ძაან ინერვიულა, საწყენია ზარალი, მარა დავეხმარე და ისევ მოვაშენეთ, ბარე ათი ახლაც გვყავს და ღმერთია მოწყალე, მეტიც იქნება! _ ამბობს ის და საკუთარ კარმიდამოში დაგვატარებს. საგულდაგულოდ ნაკეთებ, ერთმანეთისგან კარგად იზოლირებულ ფრინველის სათავსსა თუ პირუტყვის სადგომს, მასპინძლის სუფთა და აკურატული ხელი ატყვია. თანმიმდევრულად დაყოფილ და გადაღობილ თუ დატიხრულ სადგომს, თავ-თავისი მისასვლელი აქვს ისე, რომ აქ ერთმანეთს ხელს არავინ და არაფერი უშლის. ბატონ ანზორს ხელში სიმინდიანი ვედრო უჭირავს და “ჩუნიებს” ეძახის. უფრო სწორად, ჩემს კითხვაზე, ნუთუ, ამდენი ღორები გყავთ, ცნობილი ჭირის მუსრის შემდეგ,-მეთქი, _ საპასუხოდ. საიდანღაც სამი უზარმაზარი დედა ღორი მორბის, ორს აშკარად ეტყობა, რომ მალე დოლიძეების ოჯახში, ღორების თუ არა გოჭების ფერმა აუცილებლად იქნება.
_ ბატონო ანზორ, ნამდვილად მიკვირს, ამდენი ღორი როგორ გადაარჩინეთ, როცა ეს ცხოველი ჭირმა მთელ საქართველოში გაწყვიტა. იქნებ, რაიმე საიდუმლო იცით და ურჩიეთ მეურნე ადამიანებს. მე ძალიან ბევრ ადამიანს ვხვდები, რომლებიც წუხან, როგორ იყიდეს გოჭები “მამასისხლად” და მაინც ვერ გაზარდეს.
_ ადრე ჩვენც მოგვიკვდა ღორები, მაგრამ ფარ-ხმალი არ დაგვიყრია. ძველი ხალხური მკურნალობა კარგად ჭრის, როგორც ადამიანებზე, ისე ცხოველზე. ზოგი, იქნებ, არ დამეთანხმოს, მაგრამ პრაქტიკამ ბევრი რამ მასწავლა და ცოდნა თუ გამოცდილება განმიმტკიცა. ისე, ლომის წილი “ღორის ჭირის” დამარცხების საქმეში ჩემს მეუღლეს ნანას ეკუთვნის. არ გაგიკვირდეთ, უპირველესი წამალი ნიორი აღმოჩნდა.
ქალბატონი ნანა კი ღორების გადარჩენას ვეტექიმ თამაზ კილაძეს უმადლის: _ რაც ღორის ჭირმა იჩინა თავი, ჩვენ ერთიც არ მოგვკვდომია. ბევრი გვყავდა და სასწრაფოდ დავტრიალდით. მივაკითხე ვეტექიმ თამაზ კილაძეს და რჩევა ვთხოვე, თან აცრის შესახებაც დავეკითხე. მითხრა, მე თვითონ ვერ მივხვდი, რა წამალია იმ ამპულებში, რომლითაც ღორებს ვცრით, მაინც კვდებიანო. მირჩია, ღორების ულუფაში, ყოველ იჯრაზე, ერთ ვედროში ორი სუფრის კოვზი გატარებული ნიორი ჩამეყარა და სამი თითით აღებული გოგირდი დამემატებინა. წესი არ დამირღვევია. ყოველდღიურად ასე ვიქცეოდი და ვიქცევი დღესაც. შედეგი აგერ, ბატონო, რამდენი ღორი მყავს, _ გვეუბნება ქალბატონი ნანა და დასძენს იმასაც, რომ პატარა გოჭებს თუ მოზრდილებს ეზოს გადაღმა არასდროს უშვებს, ფრთხილობს, რადგან ექიმმავე ურჩია, რომ დაბალ ასაკში უჭირს ცხოველს ინფექციის გადატანა. დაინტერესებულთ ურჩევს იმასაც, რომ აღნიშნული პროცედურა განსაკუთრებით უნდა დაიცვან ზაფხულში და ერთი დღეც არ უნდა ჩააგდონ ისე, რომ ღორის ულუფაში ნიორისა და გოგირდის შესაბამისი რაოდენობა არ იყოს.
ანზორ და ნანა დოლიძეების კარმიდამოში საკმაოდაა ფეიხოასა და კივის ნარგავები. ამბობენ, რომ თხელკანიანი ჯიშის ფეიხოა ძალიან მოსწონდათ და თავის დროზე დასარგავად სწორედ ეს შეარჩიეს. კივის ტალავერქვეშ სახელდახელო სუფრა გაუწყვიათ, შორიახლო კი პიკინესას ჯიშის “გუჩოს,” შვილიშვილი გიორგი ეთამაშება. იგი პირველ კლასშია და სიმინდის გროვაზე მხოლოდ ყირამალათი გადადის. უმცროსი ანდრია ჯერ ძუძუთაა და შვილი და რძალი მას დასტრიალებენ თავს. ჭირნახულის ავან-ჩავანს ოჯახში ნანა და ანზორი განაგებენ. დამშვიდობებისას ანზორ დოლიძემ, ოზურგეთის მაჟორიტარ დეპუტატ ზვიად კვაჭანტირაძესთან, კანდიდატობისას შეხვედრის დეტალები გაიხსენა და პატიოსნებით სავსე მშრომელი კაცისთვის დამახასიათებელი რიდით თქვა: შემპირდა, თუ დეპუტატი გავხდი და “ქართულმა ოცნებამ” გაიმარჯვა, სოფელს დავეხმარებით, აუცილებლად შეგაძლებინებთ უპრობლემოდ დახვნა-დათესვასო.
ახლა, როცა საქართველოს ახალი ხელისუფლება ჰყავს და ზვიად კვაჭანტირაძე უკვე ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატია, უსაზღვროდ მშრომელი გლეხიკაცი, ჩვენი ქვეყნის ხორციცა და ხერხემალიც, შეპირებულ დახმარებას იმედით ელოდება. იმედია, დადგა ჟამი შეპირებულის ასრულებისა, რასაც დიდი იმედით ელოდება ქართული სოფელი და არა ერთი ანზორ დოლიძე.