_სააკაშვილის რეჟიმმა აღმაშენებლის ძეგლს ხალხთან და ავტორთან შეუთანხმებლად, თვითნებურად ადგილი შეუცვალა. ჩვენ ვთვლით, რომ ქვეყნისთვის უაღრესად საშიშია, პირდაპირ ვიტყვით, საგანგაშოა, როცა საქართველოს პრეზიდენტი, უმაღლესი მთავარსარდალი თავს ოპოზიციად აცხადებს და უპირისპირდება საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობით არჩეულ ხელისუფლებას და მთავრობას. სიმბოლურად პროტესტის ფორმა გაგრძელდება ქუთაისში.
20 დეკემბერს შეხვედრებს გავმართავთ ქუთაისის ინტელიგენციასთან. 21 დეკემბერს მარტვილში, ჭყონდიდელის ადგილსამყოფელს ვესტუმრებით; 22 და 23 დეკემბერს საპროტესტო აქციები გაიმართება ზუგდიდსა და ფოთში. 24 დეკემბერს კი – ბათუმში. ბათუმის შემდგომ შემაჯამამებელი შეხვედრა შედგება თბილისში, მერაბ ბერძენიშვილის ცენტრ “მუზაში”.
ქართველი ხალხის მიზანია, 2013 წლის 4 იანვარს დამთავრდეს საქართველოში მიხეილ სააკაშვილის საპრეზიდენტო მოღვაწეობა. საქართველოს მოქალაქეების საპროტესტო მუხტი შედეგს გამოიღებს და სააკაშვილი ვეღარ შეძლებს თვითნებურად გაიხანგრძლივოს ვადა 2013 წლის ოქტომბრამდე. _ ნათქვამია განცხადებაში, რომელიც 30 არასამთავრობო ორგანიზაცია ერთდროულად უჭერს მხარს.
დღესვე გავრცელდა ქართველი კინორეჟისორის და მსოფლიო მშვიდობის ელჩის, რეზო ჩხეიძის განცხადება, რომელიც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, დავით უსუფაშვილს მიმართავს. განცხადების ტექსტს „გურია ნიუსი“ უცვლელად გთავაზობთ.
„გიდასტურებთ ჩემს პირად პატივისცემას და გაცნობებთ, რომ მე და ჩემმა თანამოაზრეებმა, გავითვალისწინეთ რა საქართველოს მოსახლეობის განწყობა, რაც ნათლად გამოიხატა 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში, დავიწყეთ პრეზიდენტ სააკაშვილის გადადგომის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება.
ჩვენ ვთვლით, რომ ქვეყნისთვის უაღრესად საშიშია, პირდაპირ ვიტყვი, საგანგაშოა, როცა საქართველოს პრეზიდენტი, უმაღლესი მთავარსარდალი თავს ოპოზიციად აცხადებს და უპირისპირდება საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობით არჩეულ ხელისუფლებას და მთავრობას.
ჩვენ გადავწყვიტეთ 2012 წლის 19 დეკემბერს გეწვიოთ ქუთაისში. 19 დეკემბერი მართლაც ტრაგიკული დღეა. 3 წლის წინ, ნიკოლოზობა დღეს ქუთაისში აფეთქებული იქნა”„ქართულ ბიბლიად და ფილოსოფიურ ტრაქტატად” შერაცხული მოქანდაკე მერაბ ბერძენიშვილის და არქიტექტორ ოთარ კალანდარიშვილის ხელთქმნილი დიდების მემორიალი. აფეთქებას შეეწირა უმანკო ბავშვისა და მისი დედის სიცოცხლე. სამწუხაროდ, ამ ცოდვილ ადგილზე აგებულ იქნა საქართველოს პარლამენტის შენობა.
მომზადებულია დიდების მემორიალის ისტორიის ამსახველი წიგნის “დაუჯერებელი სინამდვილე” მეორე გამოცემა პერსონალურად პარლამენტის წევრებისათვის,რომელსაც გადმოგცემთ ჩვენი ჩამოსვლისას.
ბატონო დავით, გთხოვთ, გვეწვიოთ აქციაზე პირადად თქვენ და პარლამენტის წევრები. აქცია შედგება 19 დეკემბერს, 14 საათზე, ზუსტად იმ ადგილზე, სადაც იდგა დიდების მემორიალი.
და მთავარი, იმის გათვალისწინებით, რომ 19 დეკემბერი სასესიო დღეა, გთხოვთ, დამდოთ პატივი და მომცეთ შესაძლებლობა 5 წუთიანი სიტყვით მივმართო საქართველოს პარლამენტს,” _ ნათქვამია განცხადებაში.