901 მილიონი ლარიდან დიდი ნაწილი, 501 მილიონი, შიდა და საერთაშორისო მნიშვნელობის გზების რეაბილიტაცია-მშენებლობას მოხმარდება. 170 მილიონ ლარამდე მუნიციპალური განვითარების ფონდს გადაეცემა და რეგიონულ პროექტებზე დაიხარჯება. 82 მილიონი ლარი დევნილთა სახლებისა და ამ ტერიტორიებზე სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის არის გათვალისწინებული, 130 მილიონი ლარი წყალმომარაგების სისტემების რეაბილიტაციისთვისაა განსაზღვრული და ა.შ. 2012 წელს გახორციელებულ სამუშაოებსა და 2013 წლის გეგმებზე სამინისტროს ხელმძღვანელობამ სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა. ღონისძიებას საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები და მთავრობის წევრები ესწრებოდნენ. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს 2012 წლის ბიუჯეტი თავდაპირველი გეგმით, 985 მილიონი ლარი იყო, თუმცა, უწყებამ თანხის სრულად გახარჯვა ვერ მოახერხა. სამინისტროში აცხადებენ, რომ წინა ხელმძღვანელობამ მიმდინარე წლის პირველი 9 თვის განმავლობაში გასახორციელებელი გეგმის მხოლოდ 57 პროცენტი შეასრულა. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქრურის მინისტრის დავით ნარმანიას განმარტებით, „მიმდინარე წლის ბოლომდე სამინისტროს ბიუჯეტის ფაქტიური შესრულება 720 მილიონ ლარს არ გადააჭარბებს.“
2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით, სამინისტროსთვის განსაზღვრული 901 მილიონი ლარიდან, 265 მილიონამდე ლარი უწყების მიმდინარე წლის ნაშთია.