სახნავ სამუშაოებს სახელმწიფო დააფინანსებს. განცხადება ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა საქართველოს პარლამენტში 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის წარდგენისას გააკეთა.
მომავალ წელს 86 მლნ ლარი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის განახლებას მოხმარდება. 17 დეკემბერს, პარლამენტმა 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში შესატანი ცვლილებების პროექტი დაამტკიცა, რომლის მიხედვითაც სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის განახლების მიზნით 52 მლნ ლარია გათვალისწინებული. შესაბამისად ამ მიზნით სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხელმძღვანელობა ჯამში 140 მილიონამდე ლარს დახარჯავს; რთველის ხელშეწყობის ღონისძიებებისათვის 25 მლნ ლარია გათვალისწინებული; სამელიორაციო სისტემების რეაბილიტაცია-ექსპლუატაციისათვის 64 მლნ ლარი; 10 მილიონამდე ლარი დაიხარჯება სამი მექანიზაციის სერვის-ცენტრის მშენებლობისთვის; პირუტყვის აცრების პროგრამისათვის 7 მლნ-მდე ლარი და ა.შ.
მომავალი წლიდან სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხელმძღვანელობა ტერიტორიული ერთეულების შექმნას გეგმავს. იქ ძირითადად აგრონომები დასაქმდებიან, რომლებიც გლეხებს და ფერმერებს კონსულტაციებს გაუწევენ. “სამწუხაროდ, ბოლო წლებში მეცნიერული მიღწევები და ქართული სოფელი ერთმანეთს ძალიან დაშორდა. ეს უნდა გამოსწორდეს… გარდა ამისა, სოფლის მეურნეობის განვითარების ის ცნობილი მილიარდიანი ფონდი შეიქმნება და გაზაფხულიდან საკმაოდ სერიოზული ინვესტიციების გახორციელებას დაიწყებს. ჩვენს მიერ დადებული ყველა პირობა, რომელიც ეხებოდა გლეხებისათვის უფასო ხვნას, მათთვის საწვავის, სასუქის გადაცემას და ა.შ. 2013 წლიდან აუცილებლად დაიწყება და გაგრძელდება,” _ ამბობს საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური.
2013 წელს სოფლის მეურნეობის სამინისტრო ცენტრალური ბიუჯეტიდან, ჯამში, 241 მილიონ ლარს მიიღებს.