_ 2012 წლის 18 სექტემბერს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული იქნა ინფორმაცია და ვიდეომასალა, რომლის თანახმად მე-8 საპყრობილის უსაფრთხოების განყოფილების უფროსი ლევან ფურცხვანიძე, ოპერატიული მორიგე ინსპექტორი ვლადიმერ ბედუკაძე და მათი გავლენის ქვეშ მყოფი რამდენიმე პირი, წინასწარ შემუშავებული დანაშაულებრივი გეგმის შესაბამისად, ახორციელებდნენ პატიმართა მიმართ არაადამიანურ მოპყრობას.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, პატიმართა მიმართ არაადამინური მოპყრობა და ვიდეოფირზე დაფიქსირება ხდებოდა დაკვეთით, პატიმარ თამაზ თამაზაშვილის მეშვეობით, სოლიდური ფულადი ანაზღაურების სანაცვლოდ. ამავე ინფორმაციით, ლევან ფურცხვანიძის სამუშაო კაბინეტის ჩხრეკისა ამოღებული იქნა პატიმართა მიმართ არაადამიანური მოპყრობის ამსახველი ვიდეოფირი და 17 000 აშშ დოლარი.
დანაშაული გამოცხადდა გახსნილად.
რეალურად, აღნიშნული არის სიყალბე, ვინაიდან სინამდვილეში მოხდა შემდეგი:
2012 წლის სექტემბრის დასაწყისში, საქართველოს იუსტიციის იმდროინდელი მინისტრის ზურაბ ადეიშვილისათვის ცნობილი გახდა, რომ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მე-8 დაწესებულების ყოფილმა თანამშრომელმა ვლადიმერ ბედუკაძემ, პატიმრების ცემისა და წამების ამსახველი კადრები გაიტანა ევროპის ერთ-ერთ ქვეყანაში, სადაც გეგმავდა მათ დემონსტრირებას ევროპელი უფლედამცველებისა და მედიის წინაშე.
მოსალოდნელი პოლიტიკური სკანდალის თავიდან აცილების მიზნით, ზურაბ ადეიშვილმა გადაწყვიტა დაესწრო მოვლენებისთვის და სასაჯელაღსრულების დეპარტამენტის იმჟამინდელ ხელმძღვანელთან, დავით ჭაკუასთან ერთად შეიმუშავა სპეციალური დანაშაულებრივი გეგმა, რომლის თანახმადაც #8 იზოლატორის თანამშრომლებს, კერძოდ კი, ვლადიმერ ბედუკაძესთან დაახლოებულ პირებს – ლევან ფხალაძეს და ბორის ფარულავას (მეტსახელად “ბასტის” და “ბუბუს”) ციხეში უნდა ეცემათ და ეწამებინათ პატიმრები, ყოველივე ამის ამსახველი კადრები კი, რომელსაც ფარულად ჩაიწერდნენ, საზოგადოებითვის იმ დროინდელი ოპოზიციური პოლიტიკური გაერთიანების – “ქართული ოცნების” შეკვეთად წარედგინათ.
დავით ჭაკუამ, თავის მხრივ, დაიყოლია ამავე დაწესებულების თანამშრომელი ლევან ფურცხვანიძე, რომელმაც 2012 წლის 18 სექტემბერს, გამთენისას, მოახერხა ფხალაძისა და ფარულავას დანაშაულზე პროვოცირება, ფარულად გადაიღო მათ მიერ პატიმართა ცემისა და წამების კადრები და საჯაროდ განაცხადა, რომ ,,ქართული ოცნების” წარმოამდგენლებმა, ვლადიმერ ბედუკაძის მეშვეობით, 40 000 აშშ დოლარის სანაცვლოდ, შეუკვეთეს ციხეში პატიმრების ცემა და წამება.
სწორედ ეს განცხადება და სხვა წინასწარ ფალსიფიცირებული მტკიცებულებები გაავრცელა შს სამინისტრომ 2012 წლის 18 სექტემბერს, რის შემდეგაც დააკავეს ფურცხვანიძე, ფხალაძე და ფარულავა.
მტკიცებულებათა ნაწილი მოწმეთა ჩენების სახით, რომელთა განსაჯაროება ამ ეტაპზე შესაძლებლად მიიჩნია გამოძიებამ, გამოქვეყნდება მთავარი პროკურატურის ვებგვერდზე. გამოძიება გრძელდება, _ განაცხადა პაიჭაძემ.