გურია ნიუსი: ბატონო ბიძინა, ბოლო დღეებში ძალიან აქტუალური გახდა თემა, არაალკოჰოლურ სასმელზე ელექტრონული აქციზური მარკირების შემოღებასთან დაკავშირებით. ამ საკითხზე არაერთი მასალა და ჟურნალისტური მოკვლევა მომზადდა. წინა ხელისუფლების დროს შევიდა ცვლილება კანონში, რომელიც ამოქმედდება 2013 წლის 1 იანვრიდან, რომლის თანახმადაც მინერალურ და გამაგრილებელ სასმელებზე დაწესდება დამატებითი გადასახადი. ამით ძალიან შეშფოთებულები არიან მეწარმეები. როგორც ექსპერტები ეკონომიკის საკითხებში აცხადებენ, ამ ცვლილების განხორციელებით, ყველანაირ არაალკოჰოლურ სასმელზე ფასი მოიმატებს.
გარდა ამისა, სერიოზული დარღვევებია ტენდერშიც, რომლის თანახმად მარკირების უფლება მიეცა შვეიცარიულ კომპანია “სიქპას”. რამდენადაც ჩვენთვისაა ცნობილი, სატენდერო პირობის მიხედვით, თანხა სწორედ ამ კერძო კომპანიის ბიუჯეტში შევა და არა ქვეყნის.
თქვენს გამოსვლებში ყოველთვის აღნიშნავდით და ბიზნესმენებთან შეხვედრაზეც განაცხადეთ, რომ ყველანაირად შეუწყობდით ხელს ბიზნესის განვითარებას. იცით თუ არა ამ საკანონმდებლო ცვლილების შესახებ და თუ დაინტერესდებით, რადგან ამის უკან ძალიან ბევრი კომპანია დგას, რომლებიც ზრდიან ქვეყნის საექსპორტო პოტენციალს.
ბიძინა ივანიშვილი: საუბედუროდ, მე თქვენს კონკრეტულ კითხვებზე პასუხს ვერ გაგიშლით. არ მაქვს ამის მზაობა, მაგრამ დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენი ზოგადი დამოკიდებულება ბიზნესის მიმართ არ შეიცვლება არასდროს – ჩვენ მაქსიმალურად ხელს შევუწყობთ ბიზნესმენებს და არ გაბედოს ვინმე ჩინოვნიკმა, ჩაერიოს კერძო ბიზნესში და კერძო საკუთრებაში. ხელშეწყობაში კი ვგულისხმობ ინფრასტრუქტურის განვითარებას და კანონების დახვეწას, დამატებითი ბერკეტების გამოყენებას, რომ ინვესტიციები შემოვიდეს. ვაპირებთ ფონდის შექმნას და უახლოეს დროში წარმოგიდგენთ. ეს ყველაფერი მიმართულია იქითკენ, რომ რაც შეიძლება კარგად და კომფორტულად იგრძნონ თავი ბიზნესმენებმა.
ჩვენ ყველაფრის საქმის კურსში ვართ. ხმა ძალიან იოლად გადის, ძალიან კარგი ხმები მოდის გარედანაც იმისათვის, რომ ყველაფერი გავიგოთ. შემდეგ, ხდება ამის გადამოწმება. ჩვენ ვაპირებთ, თბილი საინვესტიციო გარემო შეიქმნას საქართველოში, რაც ბიზნესმენების თავისუფლებასა და გალაღებას ნიშნავს. საბოლოო ჯამში, ეს იქნება საფუძველი, შეიქმნას სამუშაო ადგილები და საქართველოს თითოეულმა მოსახლემ შეძლოს საკუთარ ქვეყანაში ღირსეულად შეინახოს ოჯახი.
კანონში შეტანილ ამ ცვლილებასთან დაკავშირებით საინფორმაციო გამოშვება “მოამბეში” დღეს კომენტარი გააკეთა ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმაც:
“ჩვენი ამოცანა არის ორი რამ: პირველი _ ბიზნესს არ შეეშალოს ხელი, მეორე – მოსახლეობას არ გაუძვირდეს პროდუქცია და კიდევ, აღურიცხავი პროდუქცია არ მოხვდეს ქსელში. ჩვენ ვცდილობთ ვიპოვოთ ოქროს შუალედი იმისთვის, რომ არცერთი მხარე _ არც სახელმწიფო, არც ბიზნესი და არც მოსახლეობა არ დაზარალდეს. ფასების მომატებაში ფინანსთა სამინისტრო ვერ ხედავს გამოსავალს. პირიქით, ჩვენი ამოცანაა, სტაბილური ფასები იყოს იმისათვის, რომ მოსახლეობას ჰქონდეს შესაძლებლობა იმ შემოსავლებით მაქსიმალური სარგებელი მიიღოს,“ _ განაცხადა ხადურმა.
შეგახსენებთ, რომ ჟურნალისტური მოკვლევა სახელწოდებით _ “დაკანონებული ზეწოლა ქართულ ბიზნესზე _ ყოფილი ხელისუფლების შვეიცარული სქემა”, სადაც კანონში შეტანილი ამ ცვლილებების შესახებ დეტალურად არის საუბარი, სწორედ “გურია ნიუსის” ვებგვერდზე გამოქვეყნდა.