ფასების კლება იმ მოქალაქეებს შეეხებათ, რომლებიც 100-სა და 300-მდე კვ.სთ ელექტროენერგიას მოიხმარენ.
ოჯახს, რომელიც თვეში 100-კვ.საათამდე ელექტროენერგიას ხარჯავს, 1კვ.სთ-ზე 9,94 თეთრის გადახდა მოუწევს. 300 კვ.საათამდე დანახარჯის შემთხვევაში კი, მოქალაქეები, 1კვ.სთ-ზე 12,46 თეთრს გადაიხდიან. ელექტროენერგიის ფასის შემცირების შესახებ მედიასთან შეხვედრის დროს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა.
მთავრობის სხდომის დაწყების წინ კი, ამ საკითხზე, ენერგეტიკის და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან ისაუბრა. მისი განცხადებით, მოქალაქეებს, რომლებიც თვეში 100 კვ.საათამდე ელექტროენერგიას მოიხმარენ, გადასახადი 27%-ით შეუმცირდებათ. ოჯახებს, რომლებიც 300 კვ.სთ ელექტროენერგიას ხარჯავენ, 21%-ით ნაკლები გადასახადი მიუვათ. რაც შეეხება გაზის ტარიფის შემცირებას, პრემიერ-მინისტრმა დღეს აღნიშნა, რომ ბუნებრივი აირის ფასი სიმბოლურად დაიკლებს, თუმცა, რამდენი თეთრით, ამას არც პრემიერი და არც ენერგეტიკის მინისტრი არ აკონკრეტებს. მათი განცხადებით, გაზის ტარიფზე მოლაპარაკებები გრძელდება.
26 დეკემბერს, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბაქოში 2-დღიანი ვიზიტით მიემგზავრება. დელეგაციის შემადგენლობაში იქნება ენერგეტიკის მინისტრი. კახა კალაძის განცხადებით, აზერბაიჯანის დედაქალაქში გამართულ შეხვედრებზე გაზის ტარიფი მთავარი განსახილველი საკითხი იქნება.