ჰეიდარ ალიევის სახელობის ბაქოს საერთაშორისო აეროპორტში ოფიციალური დახვედრის ცერემონიალის შემდეგ, პრემიერ-მინისტრი საქართველოს დელეგაციის წევრებთან ერთად “საპატიო დაკრძალვათა” ხეივანში გაემართა, სადაც აზერბაიჯანელი ხალხის საერთო ეროვნული ლიდერის ჰეიდარ ალიევის და მისი მეულის ზარიფა ალიევას საფლავები გვირგვინითა და ყვავილების თაიგულით შეამკო.
“საპატიო დაკრძალვათა” ხეივანის შემდეგ, საქართველოს დელეგაცია პრემიერ-მინისტრის მეთაურობით, “შეჰიდების ხეივანში” გაემართა და “მარადიული ცეცხლის ” მემორიალი გვირგვინებით შეამკო.
ბიძინა ივანიშვილი დღეს აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევსაც შეხვდა. შეხვედრა “ზაგულბას” სასახლეში გაიმართა და იგი გაცნობითი ხასიათის იყო. მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებასა და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე ისაუბრეს. შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო ენერგორესურსების ექსპორტის თემას.
ივანიშვილთან ერთად, ბაქოში საქართველოს საგარეო საქმეთა, ენერგეტიკისა და ეკონომიკის მინისტრები, ასევე სახელმწიფო მინისტრი დიასპორის საკითხებში, საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელი და საქართველოს განვითარების კვლევითი ინსტიტუცის ხელმძღვანელი იმყოფებიან.