საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია, სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრს სოზარ სუბარს მიმართავს.
“საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ეხმაურება 2012 წლის 22-23 დეკემბერს, გუდაურში სასჯელაღსრულების დაწესებულებებში საზოგადოებრივი მონიტორინგის ჯგუფის საქმიანობასთან დაკავშირებით საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ მონიტორინგის ჯგუფში ჟურნალისტების ყოფნის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას.
უპირველეს ყოვლისა, მადლობას მოგახსნებთ, ჩვენი ორგანიზაციის ამ ღონისძიებაზე მიწვევისათვის, თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ 22 დეკემბერს დაგეგმილი იყო საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საერთო კრება, ჩვენი წარმომადგენლები ვერ დაესწრნენ გუდაურის შეხვედრას, რომელსაც ქარტიის საბჭოს წევრი, გელა მთივლიშვილი, მოგვიანებით შეუერთდა. შესაბამისად, ჩვენ ვერ მოვახერხეთ სრულყოფილად მასში მონაწილეობა და საკუთარი პოზიციის წარმოჩენა.
მიგვაჩნია, რომ პროფესიული ნიშნით მონიტორინგის ჯგუფიდან ჟურნალისტების გამორიცხვა, არ არის დასაბუთებული, რადგან ისინი გამოხატავენ მზადყოფნას დააკმაყოფილონ ყველა ის მოთხოვნა, რომელიც დადგინდება მონიტორინგის ჯგუფის წევრებისათვის.
ზემოთ მოტანილი არგუმენტების გათვალისწინებით, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მიიჩნევს, რომ საზოგადოებრივი მონიტორინგის ჯგუფში არ უნდა მოხდეს წევრთა პროფესიული ნიშნით დიფერენცირება“, – ნათქვამია ეთიკის ქარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შეგახსენებთ, გუდაურში გამართულ შეხვედრაზე ე.წ. კენჭისყრის შედეგად გადაწყდა, რომ მონიტორინგის ჯგუფში ჟურნალისტები მონაწილეობას ვეღარ მიიღებენ.