_ ამის შესახებ საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ირაკლი კოვზანაძემ “მაესტროს” პრეს-კლუბში ისაუბრა. მისი თქმით, კვლავ პრიორიტეტად რჩება ჰესების მშენებლობა.
“რამდენიმე პროექტი გვაქვს ენერგეტიკული მიმართულებით, რაც ძალიან მოცულობითია _ დაახლოებით 600-700 მილიონის ღირებულების. მაგალითად, მდინარე ნენსკრა სვანეთში, რომელიც ზამთარშიც წყალუხვია, იძლევა აქ ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის საშუალებას. ჰესისიმშენებლობა იგეგმება ონშიც,” _ აცხადებს კოვზანაძე.
კოვზანაძის თქმით, საპარტნიორო ფონდს სერიოზული გეგმები აქვს უძრავი ქონების _ კერძოდ, სასტუმროების ბიზნესში.
“ასევე გვაქვს პროექტები უძრავი ქონების ბიზნესში _ მაგალითად, სასტუმროების მშენებლობა. ზოგიერთ პროექტთან დაკავშირებით გვქონდა კითხვები, ზოგიერთი პროექტი პერსონალურად არ მომწონს და ახლა რომ იყოს დასაწყები, არ დავიწყებდი, მაგრამ რადგან უკვე შესული ვართ ამ პროექტებში, გარკვეული კონსტრუქციების შეცვლა გვიწევს.”
საპარტნიორო ფონდს გარკვეული გეგმები აქვს სოფლის მეურნეობის მიმართულებითაც.
ქართული ხილისა და ბოსტნეულის ექსპორტის კომპანია, რომელიც საზღვარგარეთ ქართული პროდუქტის გატანით არის დაკავებული, კვლავ პრიორიტეტად რჩება. ასევე, იგეგმება ხორცის გადამამუშავებელი მრეწველობის აღორძინება. ამ პროექტებს ფონდი უცხოელ ინვესტორებს შესთავაზებს.
“ჩვენი მუშაობის ფორმა იქნება კაპიტალში მონაწილეობა მათთან ერთად. მეორე ეს არის სუბორდინირებული ანუ კონვერტირებადი სესხები და უცხოურ ინვესტორებთან ერთად 5-წლიანი მუშაობა და 5 წლის შემდეგ ამ პროექტიდან გამოსვლა. ამ პირობებში უცხოელებს უფრო გაუადვილდებათ მუშაობა _ ისინი უფრო დაცულად და კომფორტულად იგრძნობენ თავს,” _ განაცხადა კოვზანაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.