ჯერ იყო და შეხვედრის დროს, გამგებლის მოადგილის გიზო სართანიას დედა, ლალი (ვერა) ანთია ცოცხით “შეიარაღებული” მივიდა დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში და განაცხადა, რომ ეს ცოცხები უმცირესობის წარმომადგენლებისთვის მიჰქონდა. უმრავლესობის წევრებმა მას მოსთხოვეს დარბაზის დატოვება, რის შემდეგაც ლალი ანთია გავიდა იქედან.
შემდეგ, დარბაზში მყოფმა საზოგადოების წარმომადგენლებმა სიტყვით გამოსვლის საშუალება არ მისცეს საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლებს, აკაკი ბობოხიძეს და აკაკი მინაშვილს და მათ დარბაზის დატოვება მოთხოვეს და როგორც ამ წუთებში იტყობინება ჩვენი კორესპონდენტი ზუგდიდიდან, რომელიც შემთხვევის ადგილზე იმყოფება, გარეთ გამოსულ უმცირესობის წევრებს, კორიდორი გაუკეთეს და კვერცხები დაუშინეს, კონკრეტულად საუბარია აკაკი ბობოხიძეზე. აკაკი მინაშვილი, მარიამ საჯაია და სხვები გარეთ ვერ გამოდიან. მათ დასაცავად, სამხარეო პოლიციის წარმომადგენლები გამოიძახეს.