იგი, ასევე, პოლიციის სისტემის რეფორმის ავტორია, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროში ვანო მერაბიშვილის დროს გახორციელდა. მიუხედავად იმისა, რომ მინისტრის მოადგილე სიტყვაძუნძი აღმოჩნდა და მედიის წარმომადგენელებს უარი გვითხრა კომენტარის გაკეთებაზე. იზორია “გურია ნიუსთან” საუბარში ამბობს, რომ კოდექსის მთავარი ავტორი შსს მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილია, ხოლო თავად – ერთ-ერთი თანაავტორი.
_ ეს არის მისი ინიციატივა და ჩვენ განვახორციელეთ, _ ამბობს ლევან იზორია.
მისი თქმით, იმ პოლიციელების მიმართ, რომლებიც არ დაემორჩილებიან პოლიციის ეთიკის კოდექსს, დისციპლინარული პასუხისმგებლობის საკითხი დადგება. ხოლო თუ სისხლის სამართლის დანაშაული ჩაიდინა, დაისჯება სისხლის სამართლის კოდექსით. ამას ემატება ისიც, რომ მინისტრის ბრძანებით არის განსაზღვრული პოლიციელის მიმართ ქმედებაზე რა პასუხისმგებლობა დადგება.
_ სულ ახლო წარსულში, ერთი კვირის წინ, ალკოჰოლურ მდგომარეობაში მყოფი პოლიციელი გააჩერეს. მას სასტიკ საყვედურს გამოვუცხადებთ. თუ ერთი წლის განმავლობაში კვლავ ჩაიდინა ამგვარი ქმედება, სამსახურიდან დავითხოვთ. ეს ერთ-ერთი მაგალითია. ასეთი ბრძანებები უამრავია. შეიქმნება მონიტორინგის სპეციალური ჯგუფი, რომელიც ამას გაუწევს მკაცრ მონიტორინგს. რადგან, ბატონი მინისტრის მთავარი გზავნილი საზოგადოების წინაშე იყო, ჰყავდეს სანიმუშო პოლიციელები.
შეგახსენებთ, რომ 2013 წლის 17 იანვარს, შს მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სტუდენტებს შეხვდა, სადაც განაცხადა: “შეიძლება ბევრმა თქვენგანმა არ იცის, რომ პოლიციის რეფორმა დაფინანსდა სრულად ბატონი ბიძინა ივანიშვილის მიერ. ეს რეფორმა გახორციელდა მისი ფინანსური მხარდაჭერით. ერთ-ერთი თანაავტორი იყო ლევან იზორია, რომელიც ჩემი მოადგილეა და აქტიურად მეხმარება სტრატეგიის შემუშავებაში. ეს რეფორმა, რომელიც ადრე დაიწყო, ვერ მოხერხდა მისი განხორციელება, რადგან, სამწუხაროდ, შეჩერდა წლების წინ. და იმ სახით ვერ მივიღეთ რეფორმა, რა სახითაც იყო განსაზღვრული. ჩვენი მიზანია, ეს რეფორმა მივიყვანთ ბოლომდე. ამაშია საჭირო თქვენი ჩართულობაც და საზოგადოების ჩართულობაც.
ჩვენ დავიწყებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს, პოლიციის რებრენდინგს, რომელსაც, ალბათ, ფსიქოლოგიური დატვირთვა ექნება. პოლიცია საზოგადოების წინაშე განახლებული სახით წარსდგება. ეს იქნება პატრული, უბნის ინსპექტორი, პოლიციის თანამშრომელი. ჩვენი მიზანია განახლებული, გაჯანსაღებული, გასუფთავებული პოლიცია წარვუდგინოთ და დავუბრუნოთ ქვეყანას.”