ეს ის სამეურვეო საბჭოს წევრებია, რომლებმაც გასულ წელს ნათელა თოხაძის გადადგომასთან დაკავშირებით მიიღეს გადაწყვეტილება. სწორედ ამ დღეს მოხდა ორი ოქმის შედგენა, რის გამოც ნათელა თოხაძემ სასამართლოში შეიტანა სარჩელი და სასამართლო პროცესი მოიგო.
მოსამართლე მარინა კიკნაძემ განაჩენი ნათელა თოხაძის სასარგებლოდ გამოიტანა. მან გაუქმებულად ცნო მელექედურის საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს 2012 წლის 4 აპრილის ოქმი ნათელა თოხაძის უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე. _ საკითხი განსახილველად კვლავ დაუბრუნდეს სამეურვეო საბჭოს, რადგანაც სახეზეა ერთი სხდომის ორი ოქმი, რომელთაგანც ერთზე ოთხი წევრი აწერს ხელს და მეორეზე _ ხუთი, _ განაცხადა მარინა კიკნაძემ.
მოსამართლის გადაწყვეტილებით, ნათელა თოხაძეს ასევე აუნაზღაურდება ხელფასი. თავად ნათელა თოხაძე გადაწყვეტილებით კმაყოფილია და ჩვენთან საუბრის დროს ამბობს:
_ გადაწყვეტილებით კმაყოფილი ვარ, მაგრამ იმედი მქონდა, რომ სასამართლოს მსვლელობის დროს დადგინდებოდა ის პირები, რომლებმაც თავიანთ უფლებამოსილებას გადაამეტეს და ფაქტობრივად, ზეწოლა განახორციელეს სამეურვეო საბჭოზე.
ასევე მინდა მადლობა ვუთხრა “გურია ნიუსის” ჟურნალისტებს, რომლებსაც ჰქონდათ სამეურვეო საბჭოს სხდომის ოქმი, რომელიც პირველად შედგა და ოთხი ადამიანი აწერდა ხელს, _ გვითხრა ნათელა თოხაძემ.