დღეისათვის კომპანიაში მიმდინარეობს აბონენტების და მათი აღრიცხვის კვანძების სრული რევიზია-ინვენტარიზაცია, რაც საშუალებას მისცემს კომპანიას მოახდინოს დანაკარგების ლოკალიზაცია მათი აღმოფხვრის მიზნით.
ამ დროისათვის “კახეთის ენერგოდისტრიბუცია” რამდენიმე რაიონში ქსელის რეაბილიტაციას ახორციელებს და უახლოეს პერიოდში ახალი, თანამედროვე მრიცხველებით 9075 აბონენტი ისარგებლებს.
როგორც ენერგეტიკის სამინისტროში აცხადებენ, ლიტვურმა კომპანია “ახემა ჯგუფმა” “კახეთის ენერგოდისტრიბუცია” 2009 წელს იყიდა. კომპანიამ ენერგეტიკის სამინისტროსგან ვალდებულებად კახეთის რეგიონის ელექტროგამანაწილებელი ქსელის რეაბილიტაცია და 15 მლნ დოლარის ინვესტირება აიღო. თუმცა, ინვესტორმა აღებული საინვესტიციო პირობების შესრულება ვერ შეძლო დავალიანების დაგროვება დაიწყო, რის გამოც კომპანია 2011 წლიდან გაკოტრების რეჟიმში იმყოფება.
გარდა ფინანსური დავალიანებისა, მძიმე ვითარებაშია რეგიონის ინფრასტრუქტურა. დღემდე ვერ ხერხდება რეგიონის სტაბილურად მომარაგება და ეს პრობლემა აქტიური განსაკუთრებით უამინდობის დროს შეიჩნევა, როდესაც კახეთის აბონენტები ხშირად ელექტროენერგიის გარეშე რჩებიან.
უახლოეს მომავალში სამინისტრო ინვესტორთან ინტენსიურ მოლაპარაკებებს გეგმავს. მოლაპარაკების მიზანია კომპანიასთან ურთიერთობის დარეგულირება, რომელიც შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე არც ინვესტორს და არც სახელმწიფოს არ დააზარალებს.