ეს ინფორმაცია დღევანდელ ბიუროს სხდომაზე გახდა ცნობილი. პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის თქმით, ეს გადაწყვეტილება უმრავლესობამ მიიღო და მათი შეჯერებული პოზიციით, სააკაშვილს მაშინ მოუსმენენ, როდესაც საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება იქნება მიღებული.
გადაწყვეტილების შესახებ კომენტრის მიღება რამდენიმე პარლამენტარისგან ვცადეთ, მაგრამ აღმოჩნდა, რომ მათ ეს ინფორმაცია ჩვენგან გაიგეს. ჩოხატაურის მაჟორიტარ დეპუტატს თემურ ჭკუასელს “გურია ნიუსის” კითხვაზე, თუ რატომ გადაიდო პრეზიდენტის გამოსვლა, ამგვარი რეაქცია ჰქონდა:
_ უი, გადაიდო?! არ ვიცი. პარლამენტში ვარ და გავარკვევ, _ გვითხრა დეპუტატმა.
როგორც პარლამენტის პრესცენტრში გვითხრეს, დამატებით განმარტებას პრეზიდენტის მოხსენების გადადებასთან დაკავშირებით, პარლამენტში მოგვიანებით გააკეთებენ.
პრეზიდენტის პრესამსახურის ხელმძღვანელის, ნათია ბანძელაძის თქმით, ინფორმაცია პრეზიდენტის გამოსვლის გადადების შესახებ მედიისგან შეიტყო:
_ კომენტარის გაკეთება არ შემიძლია, რადგან იმაზე მეტს ვერაფერს გეტყვით, რაც მედიით გაჟღერდა. მე ვუსმინე დავით ბაქრაძის გამოსვლას, სადაც აღნიშნა, რომ ეს გადაწყვეტილება საპარლამენტო უმრავლესობამ მიიღო და მათ მხოლოდ ცნობად მიიღეს, _ გვითხრა ბანძელაძემ.