რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ მომზადებულ კანონპროექტს მინისტრთა კაბინეტი დღეს მთავრობის სხდომაზე გაეცნო. დოკუმენტი განსახილველად და დასამტკიცებლად პარლამენტს მოკლე ხანში გადაეგზავნება.
რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პაატა ზაქარეიშვილის განცხადებით, ცვლილება გულისხმობს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლის წესის დარღვევისას პასუხისმგებლობის სისხლის სამართლიდან ადმინისტრაციული სამართლის სფეროში გადატანას.
“ჩვენი ოპონენტები და არაკეთილმოსურნეები გვაბრალებენ, რომ გვსურს კანონი გავაუქმოთ. ყოველთვის ვამბობდით, რომ კანონი არ გაუქმდება, მაგრამ გამორიცხული არ არის გადაიხედოს ზოგიერთი პოზიციაო. ჩვენ დავიწყეთ მათი გადახედვა… თუ ადამიანის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლის წესის, ანუ სახელმწიფო საზღვრის დარარღვევისას, მის მიმართ ავტომატურად სისხლის სამართლის საქმე აღიძვრებოდა. ეს შეიცვლება. ხშირ შემთხვევაში ბევრი სომხეთისა თუ აზერბაიჯანის რიგითი მოქალაქე ქართულ ციხეში მინიმუმ ერთი წლით მაინც ხვდებოდა. ეს არ იყო სამართლიანი. ამიტომ ჩვენ ცვლილება შემოგვაქვს, რომლის დამტკიცების შემთხვევაშიც მათი დასჯა ადმინისტრაციული სამართლის წესით მოხდება. ჯარიმა დაეკისრებათ. რა მოცულობის, ეს განისაზღვრება. ჯარიმა ერთის მხრივ ძალიან არ უნდა დააწვეს ადამიანს, მაგრამ მეორეს მხრივ მოცულობითი უნდა იყოს, რომ გაფრთხილდეს,“ – ამბობს რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი.
კანონპროექტის თანახმად, ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლის წესის დარღვევისას მოქალაქეები საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდართვევათა კოდექსით პირველ ჯერზე დაისჯებიან. განმეორების შემთხვევაში კი ისინი სისხლის სამართლის კოდექსით გასამართლდებიან.