_უკანასკნელი დღეების განმავლობაში მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ ხორციელდება როგორც საჯარო მოხელეების, ისე ხელშეკრულებით მიღებული პირების მიმართ იძულება, დატოვონ დაკავებული თანამდებობა. მათ შორის, როგორც სოფლის რწმუნებულების, ისე სხვადასხვა აიპი-ებში დასაქმებული პირების სამსახურიდან მათი ნების საწინააღმდეგოდ დათხოვნა. დღეის მდგომარეობით სამსახურიდან გათავისუფლებულია ნაგომრისა და მაკვანეთის რწმუნებულები. გადადგომის შესახებ განცხადებები დააწერინეს სოფლების დვაბზუს, ნასაკირალის, ცხემლისხიდის და ვაკიჯვრის რწმუნებულებს, ასევე საკუთარი ნებით გადადგომა შესთავაზეს სოფელ ოზურგეთის, ჭანიეთის, გურიანთის რწმუნებულებს, რომლებიც აღნიშნული განცხადების დაწერას არ აპირებენ. საკუთარი ნებით თანამდებობის დატოვებას არ გეგმავენ ის რწმუნებულებიც, რომლებიც ჩვენს ჩამონათვალში ნახსენები არაა, მაგრამ როგორც ჩვენთვის ცნობილია, სისტემატურად ხდება ამ პირების ძალოვან სტრუქტურებში სხვადასხვა მიზეზით დაბარება.
ამასთან, მხედველობაშია მისაღები ის ფაქტი, რომ ქართული ოცნების კოალიციის ადგილობრივმა ლიდერმა, შოთა გოგიბერიძემ საჯაროდ გააჟღერა კოალიციასთან შეთახმებული წინადადება, რომლის საფუძველზე მან ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელს მოსთხოვა, ორი კვირის ვადაში გაათავისუფლოს ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერი საჯარო მოხელეები და მათ ნაცვლად დაასაქმოს ქართული ოცნების აქტივისტები.
ვინაიდან არ წყდება “ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერ პირებზე ზეწოლა, რაშიც ჩართულია ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დეპუტატი, პრემიერის ოჯახის წევრები და მათთან დაახლოებული პირები, მათ შორის, ადიკო ივანიშვილი და დავით დარჩია, აღნიშნულიდან გამომდინარე, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოზურგეთის რაიონული ორგანიზაცია მიმართავს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ბ-ნ დავით უსუფაშვილს, რომ შეისწავლოს დასახელებული ფაქტები და გაატაროს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები.