იგი ადგილზე დააკვირდება საქართველოში მიმდინარე პროცესებს და ევროკავშირს და ყველა დაინტერესებულ პირს ობიექტური მონიტორინგის შედეგებს გააცნობს.
საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, თომას ჰამერბერგი დღეს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა მიიღო. შეხვედრაზე ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხში ევროსაბჭოს მრჩეველის და პარლამენტის სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
„თომას ჰამერბერგს, რომელიც გასულ წლებში აქტიურად მონაწილეობდა ქვეყანაში მიმდინარე საკითხებში, როგორც ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლესი კომისარი, საქართველოში კარგად ვიცნობთ. ახლა ის ჩამოსულია სპეციალური მისიით, რომლის თაობაზე პრემიერ-მინისტრმა ევროკავშირს ბრიუსელში ვიზიტად ყოფნისას სთხოვა, რომ საქართველოში მოევლინა რაც შეიძლება მაღალი კვალიფიკაციის სპეციალისტი. ევროსაბჭოს მრჩეველი ერთის მხრივ, ქვეყანაში მონიტორინგს გაუწევს იმ საკითხებს, რომლის მიმართაც საზოგადოების მაღალი ყურადღება არსებობს და მეორეს მხრივ, დაგვეხმარება კონკრეტული საკითხების მომზადებაში როგორც საკანონმდებლო დონეზე, ასევე სხვა კუთხითაც. საქართველოს პარლამენტი დაინტერესებულია თომას ჰამერბერგთან თანამშრომლობით და შეხვედრაზე მას ვთხოვეთ სწრაფად მოგვარდეს ყველა საორგანიზაციო საკითხი“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.
ევროსაბჭოს ექსპერტი ამ ეტაპზე საქართველოში 4 თვეს დაყოფს და მასთან ერთად ასევე სხვა მაღალი რანგის და ავტორიტეტული ექსპერტების მოწვევაც იგეგმება.