“საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, უმაღლესი განათლება არის სრული ზოგადი განათლების შემდგომი განათლება, რომელიც უზრუნველყოფს საგანმანათლებლო საფეხურის შესაბამისი კომპეტენციის გამომუშავებას და დასტურდება კვალიფიკაციის შესაბამისი დოკუმენტით; კვალიფიკაცია არის სწავლის შედეგი, რომელიც მიიღწევა უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის დაძლევით და დასტურდება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული დიპლომით ან სერტიფიკატით;
დიპლომი არის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ მინიჭებული კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი.
ამასთან, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2007 წლის 25 სექტემბრის გადაწყვეტილების შესაბამისად, უმაღლესი იურიდიული განათლების მქონედ ითვლება პირი, თუ მას დამთავრებული აქვს სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებელი სპეციალობით „სამართლისმცოდნეობა“ და ჩაბარებული აქვს იურდიული განათლებისათვის აუცილებელი იურიდიული დისციპლინები.
მოცემულ შემთხვევაში, მოსამართლეების ბესარიონ ალავიძისა და მაია გიგაურის უმაღლესი იურიდიული განათლება დასტურდება შემდეგი გარემოებებით:
1. მათ ძირითად ფაკულტეტთან ერთად დამთავრებული აქვთ თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნებისა და ჰუმანიტარულ პროფესიათა ფაკულტეტი სამართლისმცოდნეობის სპეციალობით, რაც ადასტურებს იმას, რომ მათ იურიდიული სწავლების კურსი გაიარეს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში.
2. აღნიშნულ ფაკულტეტზე სწავლისას მათ გავლილი აქვთ უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამა, რომლის ფარგლებშიც შესწავლილი აქვთ უმაღლესი იურიდიული განათლების მისაღებად აუცილებელი ყველა სავალდებულო იურიდიული დისციპლინა. ამასთან, მათ მიერ გავლილი საგანმანათლებლო პროგრამა სრულად შეესაბამება ძირითად იურიდიულ ფაკულტეტზე არსებულ საგანმანათლებლო პროგრამას.
3. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ მათზე გაცემულია შესაბამისი დიპლომი, რომლითაც დასტურდება უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის წარმატებით დაძლევა, რაც წარმოადგენს იურისტის კვალიფიკაციისათვის აუცილებელ წინაპირობას.
4. სადავო იურიდიული განათლების კანონმდებლობასთან შესაბამისობა დადასტურებულია უზენაესი სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განჩინებით.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსამართლეების კვალიფიკაცია სრულად შეესაბამება იურდიული პროფესიისათვის დადგენილ მოთხოვნებს. ამასთან, ორივე მოსამართლეს წარმატებით აქვთ ჩაბარებული მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა და გააჩნიათ იურისტად მუშაობის 10 წლიანი გამოცდილება. შესაბამისად, მათი მოსამართლედ დანიშვნა განხორციელდა კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით.” _ ნათქვამია განცხადებაში.