მოსამართლე ეკა არეშიძის განცხადებით, წინასასამართლო სხდომაზე, განიხილება შუამდგომლობები მტკიცებულებების დასაშვებობის თაობაზე.
როგორც ცნობილია, 20 თებერვლის პროცესზე საქალაქო სასამართლოში ბრალდების მხარემ მტკიცებულებების სახით დასაკითხად 200-ზე მეტი დაზარალებულისა და მოწმის ოქმი წარადგინა.
ბრალდებულებმა _ ბაჩო ახალაიამ, გიგი კალანდაძემ და ზურაბ შამათავამ ბრალი არ აღიარეს; თავს დამნაშავედ არ სცნობენ და ბრალდებას არ ეთანხმებიან ალექსანდრე გორდაძე, გაგა მკურნალიძე და მერაბ კიკაბიძეც. ამ პროცესს არ ესწრებოდნენ საქმეში ბრალდებული გიორგი ჩიტუაშვილი და მანუჩარ დარასელია.
შეგახსენებთ, რომ გიგი კალანდაძეს, ბაჩო ახალაიას და ზურაბ შამათავას ბრალი ედებათ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთაში. ამასთან, ბაჩო ახალაიას ბრალად ედება წამების ორგანიზება. დანარჩენი პირები კი, ბრალდების ეპიზოდებში პროკურატურის მიერ თანამონაწილეებად მიიჩნევიან.