ვიზიტის ფარგლებში მინისტრმა მსოფლიო ბანკის სათავო ოფისში სხვადასხვა ფორმატის არაერთი შეხვედრა გამართა, რამაც მსოფლიო ბანკთან სამომავლო თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები გამოკვეთა.
პირველ შეხვედრას, რომელზეც მინისტრმა სამინისტროს საქმიანობისა და ქვეყანაში დაგეგმილი დეცენტრალიზაციის სტრატეგიის შესახებ ისაუბრა, მსოფლიო ბანკის მოქმედი ვიცე-პრეზიდენტი აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში ლაურა ტუსკი, ურბანული, წყლის, მყარი ნარჩენებისა და სტიქიურ უბედურებათა მართვის მენეჯმენტის სექტორის მენეჯერი სუმილა გულიანი, მსოფლიო ბანკის დირექტორთა საბჭოს აღმასრულებელი დირექტორი საქართველოს საკითხებში რუდოლფ ტრეფერსი და ალტერნატიული აღმასრულებელი დირექტორი სტეფან ნანუ ესწრებოდნენ.
შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება ადგილობრივი თვითმმართველობისა და დეცენტრალიზაციის რეფორმის მნიშვნელობასა და რეფორმის პროცესში მსოფლიო ბანკის მხარდაჭერაზე გამახვილდა.
მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებმა რეგიონული განვითარების სამინისტროს დელეგაციას დეცენტრალიზაციისა და მუნიციპალური განვითარების ფონდის საქმიანობის შესახებ მსოფლიოს რამდენიმე ქვეყნის გამოცდილებაც გააცნეს.
ვიზიტის ფარგლებში გამართულ მომდევნო შეხვედრაზე განიხილეს მსოფლიო ბანკის მიერ მომზადებული კვლევა კახეთში მომხდარი სტიქიური უბედურების შეფასებასთან დაკავშირებით, რომლის საფუძველზეც საქართველოსთვის სტიქიური მოვლენების მართვასთან დაკავშირებით სპეციალური სტრატეგიის მომზადებაა დაგეგმილი.
მინისტრის აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში გამართულ ბოლო შეხვედრაზე მსოფლიო ბანკის პარტნიორი ორგანიზაციის Cities Alliance–ის წარმომადგენლებმა ქართულ დელეგაციას ქალაქების განვითარების სტრატეგიის გლობალური ხედვა გააცნეს, რაც დეცენტარლიზაციისა და რეგიონული განვითარებისთვის მეტად მნიშვნელოვანია.