ბაღი 30 წლის წინ გაიხსნა და მას შემდეგ არაფერი შეცვლილა. სახურავი დაზიანებულია და შენობაში წყალი ჩადის. სასმელი წყლის პრობლემის მიზეზით გაუქმებულია სველი წერტილები.
მარინე ტყებუჩავა, აღმზრდელი: “პირობები ძალიან მძიმეა. შენობაში წვიმს, წყალი ყველა ოთახში ჩამოდის. ბაღის გახსნის დღიდან არაფერი ახალი არ შემატებია ინვენტარს, კედლები დაზიანებულია, ცვივა. წყალი არ გვაქვს და გარედან მოგვაქვს. ბავშვებს ყოველ წამს ხელები უნდა დაბანო, რაიმე ვირუსი რომ არ შეეყაროთ, საჭმელი უნდა გაკეთდეს, ჭურჭელი დაირეცხოს. წარმოიდგინეთ, ამდენ ბავშვს რამდენი წყალი სჭირდება. ყველამ იცის, რა მდგომარეობაა ბაღში, მაჟორიტარი დეპუტატიც დაგვპირდა დახმარებას, მაგრამ დღეები გადის და დაპირება დაპირებად რჩება. ვითხოვთ, მოგვაქციონ ყურადღება, არ შეიძლება ბავშვები ამ პირობებში იყვნენ.”
სკოლამდელი აღზრდის გაერთიანების დირექტორის, მურმან არჩილიას თქმით, ბაღს ახალი ჭურჭელი გადაეცა, შენობის კაპიტალური რემონტი კი მის ფუნქციაში არ შედის, თუმცა, აუცილებლად დააყენებს საკითხს და როგორც სხვა ბაღებს მოუგვარდათ პრობლემა, ისე გამოსწორდება ზანის საბავშვო ბაღშიც მდგომარეობა.