“გურია” (ლანჩხუთი) _ “დინამო” (თბილისი) 0:0.
გასულ წელს, “გურიის” სტადიონზე დაწყებული სარემონტო სამუშაოები შეჩერებულია გასაგები მიზეზების გამო _ ქვეყანაში ხელისუფლება შეიცვალა, ყოფილს უკვე აღარ აქვს მისი გაგრძელების ბერკეტები, ახალი ხელისუფლება კი ყველა დაწყებული პროექტის გაგრძელებას აპირებს და მათ შორისაა “გურიის” მთავარი არენა. ასეთი გადაწყვეტილება გურიის სამხარეო ადმინისტრაციაში ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენელთა სტუმრობისას გადაწყდა.
არადა, ჯერ კიდევ წლების წინ საუბრობდა მიხეილ სააკაშვილი, “გურიამ” ძველი სახელი და დიდება უნდა დაიბრუნოსო. ეს იყო მაშინ, როცა ქუთაისი “ტორპედოს” სტადიონის რეაბილიტაცია მოხდა _ მაშინ სააკაშვილმა ფეხბურთის ფედერაციის თავკაც ზვიად სიჭინავას, როცა ეს უკანასკნელი სარეაბილიტაციო ობიექტებს ასახელებდა, შეახსენა _ “გურია” და გრიგოლეთის ბაზა არ დაგავიწყდესო. ამ ორიოდ წლის წინ კი, სააკაშვილმა გურიის განვითარების ფონდის ჩამოყალიბება გაახმაურა და ამ ფონდითვე “გურიის” ცენტრალური სტადიონის რეაბილიტაცია დაიწყო. მართალია, თურმე, თავად ფონდი რეალურად არ არსებობდა, მაგრამ სახელმწიფო დაფინანსებით არენის რეკონსტრუქცია რომ დაიწყო, ფაქტია.
ამჟამად, “ევგრაფი შევარდნაძეზე” არის თანამედროვე მინდვრის საფარი, რომელიც იდეალურ მდგომარეობაშია და მხოლოდ აღმოსავლეთის ტრიბუნა. გუნდები მეორე სტადიონის გასახდელიდან უნდა გავიდნენ მოედანზე. ასე მოხდა 13 მარტს, როცა “გურია” ქართული ფეხბურთის ფლაგმან თბილისის “დინამოს” მასპინძლობდა. რამდენიმე დღეში აღმოსავლეთ ტრიბუნაზე დამონტაჟდება ინდივიდუალური სკამები, რომელიც კლუბს ფეხბურთის ფედერაციამ გადასცა. სხვათა შორის, დღეს ისე გამოდის, რომ დანაპირები ბოლომდე მხოლოდ ზვიად სიჭინავას უწყებამ შეასრულა _ მინდვრის გამოცვლა, რომელიც მილიონამდე დაჯდა და ახლა საჩუქრად ინდივიდუალური სკამები. სახელმწიფო ვალდებულება კი არჩევნების შედეგებმა შეაჩერა _ “ნაციონალებმა” ძალაუფლება დაკარგეს, ხოლო ახალმა მთავრობამ ჯერ ვერ მოახერხა რეაბილიტაციის გაგრძელება დროის სიმცირის გამო. ისე კი, გურულებს გაუმართლათ _ თუ წინათ გამგებელი გიორგი გოგუაძე ლობირებდა “გურიის” წინსვლას, ახლა აქაურებს პარლამენტში ყოფილი კაპიტანი, “გურიის” ლეგენდა თეიმურაზ ჩხაიძე ჰყავთ.
ჩვენ კომენტარი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ზვიად სიჭინავას ვთხოვეთ:
_ ბატონო ზვიად, თქვენმა უწყებამ დანაპირები შეასრულა _ დააგო ახალი მინდორი, როგორც ვიცით, საჩუქრად “გურიას” გადაეცით ინდივიდუალური სკამები, მაგრამ სახელმწიფომ თავისი ვალდებულება ვერ შეასრულა ბოლომდე და შედეგად მივიღეთ მინდორი და ერთი ტრიბუნა. როდის გაგრძელდება სამუშაოები?
_ თქვენ თვითონ ბრძანეთ და ასეცაა _ რაც ფედერაციამ აიღო თავის თავზე, ყველაფერი შევასრულეთ. დღეს, როცა ასეთი ზეიმია ლანჩხუთში, მოვიდა რამდენიმე ათასი ადამიანი, ვფიქრობ, როცა ამას შეხედავენ, აუცილებლად გაგრძელდება დაწყებული სამუშაოები.
მატჩის ლანჩხუთში ჩატარებაში დიდი წვლილი სწორედ ფეხბურთის ფედერაციის თავკაცმა შეიტანა _ ზვიად სიჭინავა გურულებს დაუდგა თავდებში, რომ ჯერაც მოუწყობელ სტადიონზე მეტოქეს საკადრისად დაუხვდებოდნენ.
დილითვე ესტუმრა გურიას ქართული ფეხბურთის მესაჭე, თუმცა მასპინძლებს უკვე ყველა საორგანიზაციო საკითხი მოეგვარებინათ და “თავდებიც” არ დააღალატეს _ ლანჩხუთში “დინამოს” დასახვედრად შესაძლებლობის მაქსიმუმი გაკეთდა.
ეს მატჩი “ევგრაფი შევარდნაძეზე” რომ არ ჩატარებულიყო დიდი საცოდაობა იქნებოდა _ თამაშზე მოსული მრავალრიცხოვანი ქომაგი ასე მონატრებულ საფეხბურთო ზეიმს დაკარგავდა.
თითქმის პირთამდე გაივსო რეკონსტრუქციის შედეგად სტადიონზე დარჩენილი ერთადერთი _ აღმოსავლეთის ტრიბუნა, მხოლოდ ერთ სექტორში იყო სიხალვათე, სადაც “დინამოს” ფან-კლუბი განლაგდა და ყოველგვარი ზედმეტი დაძაბულობის ასაცილებლად მასპინძელი ქომაგებისგან პოლიციელებით იყო გამოყოფილი. აქვე დავასწრებთ მოვლენებს და გეტყვით, რომ სტუმარი ფანები დახვედრითა და მასპინძლობით კმაყოფილები დარჩნენ და გურულებს ამისთვის მადლობაც გადაუხადეს.
მატჩმა ისიც გამოაჩინა, რომ მხოლოდ ერთი ტრიბუნა, რომელზეც 4500-მდე ინდივიდუალური სკამი დამონტაჟდება, ლანჩხუთისთვის სამომავლოდ საკმარისი არ იქნება, რადგან ქომაგების ნაწილი მოედნის ირგვლივ მოაჯირთანაც იდგა. სტადიონის ირგვლივ განლაგებული მანქანების რაოდენობამ კი ძველი დრო გაგვახსენა, როცა “გურია” ბრწყინავდა და 10-ათასიანი ქალაქი პირთამდე ავსებდა 22-ათასიან არენას.
ამჯერადაც ანშლაგი იყო _ სათასო მატჩზე 5 ათასამდე ქომაგის მოსვლა ლანჩხუთისხელა ქალაქში ცოტა ნამდვილად არ არის. ერთ დროს “გურია” _ “დინამოს” დაპირისპირება მთავარ მატჩად ითვლებოდა, მაგრამ აგერ უკვე 20 წელია გურულებს ქართული ფეხბურთის ფლაგმანისთვის არ მოუგიათ, ეგ კი არა _ “ევგრაფი შევარდნაძეზე” ბოლოს ფრედ სულაც 22 წლის წინ ითამაშეს.
და აი, ორი ათეული წლის შემდეგ, “გურია” “დინამოსთან” პირველად წარსდგა კონკურენტის და არა უპირობო აუტსაიდერის რანგში. ამ მატჩს იმ კითხვაზეც უნდა გაეცა პასუხი _ რამდენად სენსაციური იყო გურულთაგან მოქმედი ჩემპიონისა და სუპერთასის მფლობელ “ზეტსაფონის” ძლევა!
როგორც მატჩმა გამოაჩინა, ეს არ იყო შემთხვევითობა და უკვე არც გურულთა შემდეგ ეტაპზე გასვლაც უნდა მივიჩნიოთ დიდ სენსაციად _ “გურია” “დინამოს” ტოლ-სწორად ეთამაშა და თუ თბილისელები ბურთის ფლობასა და კლასში უპირატესობას ფლობდნენ, არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც, რომ მატჩის ყველაზე ხარისხიანი ეპიზოდი “დინამოს” კართან შეიქმნა. ყველაზე მთავარი კი ისაა, რომ “ზესტაფონთან” მატჩის მსგავსად, საწყისი წუთების ფსიქოლოგიური წნეხის შემდეგ მასპინძლებს აღარ ეტყობოდათ მრისხანე მეტოქის შიში.
საბოლოოდ, 0:0 და რაც უნდა იყოს, ამ წყვილში უპირობო ფავორიტი “დინამოა”, თუმცა, გურულებისგან უკვე არაფერია გამორიცხული _ მათ გოლიანი ფრე აწყობთ და ისიც მნიშვნელოვანია, რომ განმეორებით მატჩისთვის გუნდის ლიდერი ალეკო გოგობერიშვილიც უბრუნდებათ.
_ რას ხედავ, ძამა, მაქედან? _ ამ კითხვაზე გურული ქომაგის პასუხი დღესაც ასე ახლოს მყოფი უმაღლეს ლიგაა. ყველაზე ოპტიმისტები კი, მორიგ სიურპრიზსა და კლუბის ევროტურნირებზე მოხვედრას პირველი ლიგიდანვე იმედოვნებენ.
მატჩის შემდეგ
დუშან უჰრინი, “დინამოს” მთავარი მწვრთნელი: “ველოდით, რომ რთული თამაში იქნებოდა. ძლიერი მეტოქე გვყავდა, რომელმაც თავისი ძალა “ზესტაფონთან” თამაშში დაამტკიცა. ვცდილობდით, მთელი მატჩის განმავლობაში სათამაშო ინიციატივა ჩვენ ხელთ ყოფილიყო. საბოლოო შედეგიდან გამომდინარე, ჩვენ შეგვწევს ძალა, განმეორებითი შეხვედრა ჩვენთვის სასურველი ანგარიშით დავასრულოთ”.
თემურ ლორია, “გურიის” მთავარი მწვრთნელი: “ამ წყვილის ფავორიტი, თქმა არ უნდა, ჩვენი მეტოქე იყო. ამიტომაც ჩემს ფეხბურთელებს მინდა დიდი მადლობა გადავუხადო იმ თავდადებისთვის, რაც ქვეყნის საუკეთესო გუნდთან შეხვედრაში გამოავლინეს. რა თქმა უნდა, ფავორიტად “დინამო” რჩება, თუმცა, ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ თუნდაც მხოლოდ იმ ათასობით ქომაგის გასახარად, დღეს რომ მოვიდა და ერთგულად გვიგულშემატკივრა”.
ზვიად სიჭინავა, სფფ-ის პრეზიდენტი: “მისასალმებელია, როცა ასეთი ზეიმია ლანჩხუთში. როგორც იცით, ახალი მინდორი დავაგეთ, რომელიც, როგორც ხედავთ, იდეალურ მდგომარეობაშია. ამ დღეებში ინდივიდუალურ სკამებსაც გადავცემთ. ლანჩხუთი ღირსია, კარგი სტადიონისა და კარგი გუნდის _ ეს დღევანდელმა დღემაც დაადასტურა”.
კახა ებრალიძე, გურიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი: “რაც შეგვეძლო, მაქსიმუმი გავიღეთ, რათა თბილისის “დინამოსთვის” ღირსეულად გვემასპინძლა. ჯერ კიდევ არის პრობლემები, რომელიც, მჯერა, მალე მოგვარდება. რაც შეეხება თამაშს, ვფიქრობ, იგი საინტერესო გამოდგა და მატჩზე მოსული მრავალრიცხოვანი ქომაგიც კმაყოფილი დარჩა”.