ამ საკითხზე “გურია ნიუსთან” საქართველოს პარლამენტის ფრაქცია “ქართული ოცნება – კონსერვატორების” თავმჯდომარემ, განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტის წევრმა გიგა ბუკიამ ისაუბრა:
გიგა ბუკია: _ სასწავლო გრანტის გაცემის წესში შედის ცვლილება, რითაც შეირჩევა 15 პრიორიტეტული მიმართულება, რომელსაც სახელმწიფო სრულად დააფინანსებს. შერჩეულ მიმართულებაზე სტუდენტების სწავლება იქნება უფასო. არიან ისეთებიც, რომლებიც უფასო განათლებას ეწინააღმდეგებიან _ დეპუტატმა “ნაციონალური მოძრაობიდან” ზურაბ ჯაფარიძემ განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის სხდომაზე აღნიშნული ცვლილებების წინააღმდეგ პოზიცია დააფიქსირა იმ არგუმენტით, რომ შერჩეული სპეციალობა იქნება არაპოპულარული, სტუდენტები უმაღლესის დამთავრების შემდეგ ვერ დასაქმდებიანო, მაგრამ განათლების სამინისტროს პოზიციით დაფინანსებული იქნება პრიორიტეტული სასწავლო მიმართულებები – სოფლის მეურნეობა, განათლება და მეცნიერება.
_ როდიდან შევა ცვლილებები სასწავლო გრანტის გაცემის წესში და რომელ სპეციალობებზე იქნება სწავლა უფასო?
_ მეორე მოსმენით კენჭისყრა იქნება ამ კვირაში, რაც შეეხება მიმართულებებს, ამას განათლების სამინისტრო დაადგენს.
_ მოესწრება უფასო სწავლება ახალი სასწავლო წლისთვის?
-დიახ, ახალი სასწავლო წლიდან შერჩეულ 15 პრიორიტეტული მიმართულებაზე სტუდენტები ცოდნას უფასოდ დაეუფლებიან.