თუმცა, ამ უკანასკნელს, საავადმყოფოს განვითარებისთვის არც ერთი თეთრი არ დაუხარჯავს, პირიქით, მედპერსონალის ხელფასები შეამცირა და იმის გაცემასაც ვერ ახერხებდა. როგორც შევიტყვეთ, მარტის ბოლოს, “ადითთან” დადებული ხელშეკრულების ვადა იწურება.
ამ საკითხთან დაკავშირებით ვესაუბრეთ ჩოხატაურის საავადმყოფო-პოლიკლინიკის დირექტორს, თემურ კოროშინაძეს:
_ შპს “ადითის” ცენტრალური ოფისის ინფორმაციით, 2013 წლის მარტის ბოლოს, სახელმწიფოსა და კომპანიას შორის დადებული სახელშეკრულებო ვადა იწურება, თუმცა, ჯერ არ ვიცით, როგორ განვითარდება მოვლენები ამის შემდეგ.
_ დღეისთვის კომპანიას აუნაზღაურებელი აქვს ოთხი თვის სახელფასო დავალიანება. როგორ ფიქრობთ, შეძლებს იგი ხელფასების გაცემას?
_ რაც შეეხება სახელფასო დავალიანებას, ხელშეკრულების პირობების თანახმად, დამქირავებელი ვალდებულია, გადაიხადოს შესრულებული სამუშაოს შესაბამისი ანაზღაურება. ჩვენი შემოსავლის ძირითადი წყაროა კერძო სადაზღვევო კომპანიებიდან ჩამორიცხული თანხა, აგრეთვე, შემოსავალს ვიღებთ სახელმწიფო, მუნიციპალური პროგრამით დაფინანსებული და კერძო მომსახურებისთვის პაციენტთა მიერ შემოტანილი თანხებით. იმის გამო, რომ კერძო სადაზღვევო კომპანიების მხრიდან ადგილი აქვს თანხების არასტაბილურ ჩამორიცხვას, “ადითმა” გადაწყვიტა, ცალკე გამოჰყოს და თანამშრომლებს დაურიგოს ის თანხები, რომლებსაც ისინი გამოიმუშავებენ სახელმწიფო, მუნიციპალური და შიდა სტანდარტებით. აღნიშნული თანხები, ცენტრალური ოფისის ინფორმაციით, ხელფასების სახით, ორ დღეში დაირიცხება.
_ ცნობილია თუ არა ხელშეკრულების პირობები თანამშრომლებისთვის?
_ რა თქმა უნდა. თითოეული მათგანი შემომყავდა ჩემთან კაბინეტში და აქ ვაცნობდი. არ მგონია, ვინმე დარჩენილიყო.
_ უკანასკნელი ხუთი თვის განმავლობაში თუ შეხვდით ვინმეს, ვისაც პრობლემების გადაჭრის გზებზე ესაუბრეთ?
_ ბოლო პერიოდში შექმნილი პრობლემების გამო შეხვედრები და მსჯელობა გვქონდა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან, რაიონის მაჟორიტარ დეპუტატთან, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრთან, საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარესთან, სისტემატური ურთიერთობა და მიმოწერა გვაქვს შპს “ადითის” დირექციასთან. ისინი გვპირდებიან, რომ აუცილებლად დაგვეხმარებიან.
“გურია ნიუსმა” “ადითთან” დაკავშირებით კომენტარი ჯანდაცვის მინისტრსაც სთხოვა და მის მოსაზრებას უახლოეს მომავალში გაგაცნობთ.