“ვიდეორგოლი ძალიან ჰგავს წინასაარჩევნო პოლიტიკურ რეკლამას, სადაც მთავარი მოქმედი პირი ქალაქის მერია. მართალია, რეკლამაში მოცემულია ინფორმაცია ვაუჩერის გამოყენებასთან დაკავშირებით, თუმცა, აქცენტი არაა მხოლოდ ვაუჩერზე, მოქმედი გმირები ხაზგასმით გამოხატავენ მადლიერებას, რომელიც მერიის და კონკრეტულად გიგი უგულავას მიმართ აქვთ. უფრო მეტიც, ერთ-ერთი მოქმედი პირი პირდაპირ აცხადებს: “გიგიმ ზუსტად იცის, რა სჭირდება ხალხს”, ეს კი კონკრეტული ადამიანის რეკლამირებაა და არა – ფაქტის, ადმინისტრაციული ორგანოს ან მისი პროექტის, რაც სწორედ პოლიტიკური რეკლამის დამახასიათებელი ნიშანია. გარდა ამისა, გიგი უგულავა არის პოლიტიკური თანამდებობის პირი, რომელსაც თავისთავად აქვს პოლიტიკური და საარჩევნო მიზნები”.
ამ საკითხს თბილისის საკრებულოს სხვადასხვა ფრაქციები გამოეხმაურნენ.
გიორგი მუსხელიშვილი, ფრაქცია “ქართული ოცნება _ თბილისი”: “ეს პირდაპირ უგულავას რეკლამაა. თბილისის მერი კომუნალური მომსახურებისთვის გამოყოფილ ვაუჩერის რეკლამაში, რომელიც სხვადასხვა ტელევიზიის ეთერით მუდმივად გადის, საბიუჯეტო სახსრებს ხარჯავს. რეკლამის ტელევიზიებით დატრიალებაში დაახლოებით ასი ათასი ლარი იხარჯება. თან საკმაოდ დიდი დრო აქვს ამ რეკლამას დათმობილი. რეკლამაში გადაღებული ადამიანები პირდაპირ ამბობენ, რომ დედაქალაქის მერმა იცის, რასაც აკეთებს, მან ყველაფერი იცის. ეტყობა, ბრალდებულ უგულავას უნდა რაღაცნაირად საკუთარი თავის რეაბილიტაცია მოახდინოს. ისეთი შთაბეჭდილება რჩება, თითქოს მიდის გააფთრებული წანასაარჩევნო კამპანია.”
ზაზა გაბუნია, ფრაქცია “ქართული ოცნება _ დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარე: “გიგი ამ რეკლამით საკუთარი სოციალური პროექტის რეკლამირებას ახდენს.”
ზაზა ხურციძე, ფრაქცია “ქართული ოცნება-თბილისელების” თანამშრომელი: “უგულავა იყენებს მერიის სახსრებს საკუთარი თავის რეკლამირებისთვის. მერიის საქმიანობის გასაპიარებლად, როგორც მახსოვს 10 მილიონ ლარამდეა გამოყოფილი. რა საჭიროა ამდენი თანხები ამ საქმისთვის? იმისთვის, რომ უგულავამ საკუთარი რეკლამა გაიკეთოს? ჯობდა, ეს თანხა სხვა მიზნებისთვის გაეხარჯათ! უგულავა აგრძელებს ძველებურად მართვას! ალბათ, ეს რეკლამაც თავის რომელიმე კომპანიას გააკეთებინა. მოკლედ, ერთი ჯიბიდან მეორე ჯიბეში გადაიდებს ჩვენს თანხებს! ვაუჩერის რეკლამა თბილისის მერიის წინასაარჩევნო კლიპს ჰგავს. რაც მახსოვს, “ნაციონალური მოძრაობა” ყოველთვის არჩევნების რეჟიმში მოღვაწეობდა… მხოლოდ ერთი ტრიბუნა აქვთ მოქმედი ნაციონალებს და ეს არის მერია! და ნაწილობრივ საკრებულო, მალე საკრებულოც აღარ ექნებათ ალბათ, თუ “ნაციონალური მოძრაობის” წევრები ხალხის მხარეს გადმოვლენ და შეიქმნება ახალი უმრავლესობა!”