აღნიშნულის შესახებ მან საინფორმაციო სააგენტო “ინტერპრესს” განუცხადა.
“არანაირი დევნა სოსო პავლიაშვილის მიმართ დაწყებული არ არის. ის არ გახლავთ ბრალდებული. ეს ფაქტი შემიძლია დაგიდასტუროთ. სისხლის სამართლის საქმე აღიძრა და გამოძიება მიმდინარეობს უშუალოდ ავთანდილ ადუაშვილის მკვლელობასთან დაკავშირებით და რამდენიმე პირი პასუხისგებაშიც არის მიცემული. საქმე აღძრულია, მაგრამ _ არა პავლიაშვილის მიმართ,” _ განაცხადა არჩილ კბილაშვილმა.
ინფორმაცია რუსეთში მოღვაწე მომღერლის მიმართ საქმის აღძვრის შესახებ გუშინ გავრცელდა და ის ერთადერთ წყაროს, პროკურორ გრიგოლ ბიბილაშვილის განცხადებას ეფუძნებოდა.
ბიბილაშვილი ბრალდების მხარეს წარმოადგენს პროცესზე, სადაც ბიზნესმენ ავთო ადუაშვილის მკვლელობის საქმე იხილება. პროცესის დასრულების შემდეგ, “გურია ნიუსის” და მე-9 არხის ჟურნალისტებთან საუბრისას, ბიბილაშვილმა განაცხადა, რომ სოსო პავლიაშვილის მიმართ ცალკე საქმეა აღძრული და ის ძირითადი საქმიდან გამოყოფილია.
როგორც “გურია ნიუსს” ერთ-ერთმა წყარომ განუცხადა და ეს მთავარმა პროკურორმაც დაადასტურა “ინტერპრესნიუსთან”, პავლიაშვილის გვარი ერთ-ერთმა მოწმედ დაასახლა, თუმცა, მოგვიანებით მან ჩვენება შეცვალა.
გამორიცხული არ არის, რომ გუშინდელი განცხადების შემდეგ, რაც, სავარაუდოდ, მთავარ პროკურატურასთან შეუთანხმებლად გაკეთდა, პროკურორი ბიბილაშვილი პროცესს ჩამოაშორონ და ის სხვა პროკურორით ჩაანაცვლონ.