შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დღეს, გამთენიისას, დაახლოებით 04:00 საათზე, ავტომატით, პისტოლეტებითა და დანებით შეიარაღებული სამი ნიღბიანი პიროვნება მარნეულის შესასვლელში მდებარე გაზგასამართ სადგურში შეიჭრა, რა დროსაც ადგილზე ორი ოპერატორი იმყოფებოდა. ბოროტმოქმედებმა 4 ათას ლარზე მეტი თანხა გაიტაცეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად სამართალდამცველებმა თავდამსხმელების თანამზრახველი, ტაქსის მძღოლი ედუარდ ნ. ცხელ კვალზე, შემთხვევიდან ერთ საათში, გაზგასამართი სადგურიდან 2 კილომეტრში, ხოლო სამივე ბოროტმოქმედი მარნეულთან ახლოს, საავტომობილო მაგისტრალზე დააკავეს.
დაკავებულთა პირადი ჩხრეკისას სამართალდამცველებმა „ა-კა-ეს”-ის ტიპის ავტომატური იარაღი 29 ვაზნით, ბარაბნიანი პისტოლეტი 4 ვაზნით, პისტოლეტი ერთი მჭიდით, დანები, ფულადი თანხა და ნიღბები ამოიღეს. „ოპელი”-ს მარკის ავტომობილიდან, რომელიც თავდამსხმელებმა გადაადგილებისთვის გამოიყენეს, ამოღებულია „ერ-გე-დე”-ს ტიპის ხელყუმბარა.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა” და „ბ” პუნქტებით (ყაჩაღობა საცავში ან სადგომში შეღწევით, ჯგუფურად) მიმდინარეობს, რაც 5-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.