სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, აღნიშნული კურსი, რომელიც 2013 წლის 14 იანვარს დაიწყო, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა განახლებული სასწავლო პროგრამით გაიარეს. არსებითად გაიზარდა კურსის ხანგრძლივობა, დაემატა პრაქტიკული სავარჯიშოები და დეტალურად გაიწერა სწავლების შედეგად მიღებული უნარ-ჩვევები.
პროგრამა უცხოელი ექსპერტების დახმარებით შეიქმნა, სწავლების პროცესში კი თანამედროვე მეთოდები გამოიყენებოდა. აგრეთვე, კურსში ჩართული იყო პრაქტიკული და საველე ვარჯიშები, იმიტირებული სცენები და სტანდარტულ სიტუაციებში რეაგირების წესები პოლიციელთათვის. განსაკუთრებული ყურადღება პოლიციელის საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებს მიექცა.
ღონისძიებას ასევე დაესწრნენ შს მინისტრის მოადგილე ლევან იზორია, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი დავით ცინარიძე და შს აკადემიის რექტორი ნუკრი გელაშვილი.