სამეგრელოში დაკავებულია ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის განათლების ცენტრისა და კომპლექსური სასპორტო სკოლის გაერთიანების დირექტორი გოგი ახალაია, რომელსაც ბრალი 338-ე მუხლის პირველი ნაწილით აქვს წაყენებული.
გამოძიებით დადგინდა, რომ ახალიაიამ ერთ-ერთ ინდმეწარმეს, რომელიც გარკვეულ სამუშაოებს ასრულებდა კომპლექსური სასპორტო სკოლის გაერთიანებისთვის, სამსახურებრივი მფარველობის სანაცვლოდ, ქრთამის სახით, 500 ლარი გამოართვა. გოგი ახალაია სამართალდამცველებმა 4 აპრილს დააკავეს.
რაც შეეხება კახეთის რეგიონს, ქრთამის აღების ფაქტზე დაკავებულია ახმეტის მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი მერაბ ზვიადაური. გამოძიების ინფორმაციით, მან უკანონო მშენებლობის მფარველობის მიზნით, ქრთამის სახით, 500 აშშ დოლარი აიღო.
საგამოძიებო სამსახურმა ასევე დააკავა ბუნებრივი რესურსების სააგენტოს ტყისა და ველური ბუნების მართვის დეპარტამენტის კახეთის სამმართველოს სპეციალისტის მოვალეობის შემსრულებელი მალხაზ ფიცხელაური. მან აკრძალული ხე-ტყის სამასალე მორების დამზადების სანაცვლოდ, ქრთამის სახით, აიღო 400 ლარი.
აღნიშნულ საქმეებზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით.