როგორც ოპერატორმა განაცხადა, ყველა მანქანა გამოძახების ადგილზე იყო წასული და როგორც კი რომელიმე დაბრუნდებოდა უკან, მივიდოდნენ. მსგავსი ფაქტები ოზურგეთს მუნიციპალიტეტში ხშირად ფიქსირდება და სასწრაფო მანქანების გამოძახების იმედზე მოსახლეობა უკვე აღარ არის.
_ რაც ახლა ჩემი თვალით ვნახე, არის მარაზმი და მეტი არაფერი. ადამიანი უგონოდ არის და მხოლოდ ღმერთის იმედზე ვართ. რადგან მანქანა არ არის და ვერ მოდის ექიმი და ექთანი, ჩვენ რა ვქნათ? ადამიანი უნდა მოკვდეს? გვინდა, რომ რაც ახლა ხდება ეს ყველაფერი იცოდეს ახალმა ხელისუფლებამ და აუცილებლად მოაგვარონ ეს საკითხი. ხალხი არჩევნებამდეც და არჩევნების შემდეგაც ცოცხლობს და რაც მთავარია, უნდათ სიცოცხლე. _ განაცხადეს ჩვენთან საუბრის დროს ავადმყოფის მეზობლებმა.
კიდევ ერთი ფაქტი, რომელიც “გურია ნიუსმა” გაიგო რამდენიმე დღის წინ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მოხდა. არაერთი გამოძახების მიუხედავად, სასწრაფო დახმარების ბრიგადა საერთოდ არ მისულა გამოძახების ადგილზე.
შპს “მედალფას“ გენერალური დირექტორის მოადგილე ლევან ანთაძე “გურია ნიუსთან” სატელეფონო საუბრის დროს ამბობს, რომ უგონოდ წაქცეული მამაკაცის ოჯახიდან გამოძახების ზარი კომპიუტერმა 22:09 წუთზე დააფიქსირა:
_ გასვლა 22:40 წუთზე მოხდა, პატრულის მანქანით და ალბათ, 22:50 წუთზე ადგილზე იქნებოდნენ. შემდეგ მოხდა ამ ადამიანის გადმოყვანა საავადმყოფოში.
_ თითქმის ერთი საათი ცოტაა? ეს იმიტომ ხდება, რომ ორი მანქანა მუშაობს მხოლოდ?
_ ძველი ინფორმაცია ჰქონიათ. ოთხი მანქანა გვყავს და ოთხივე გამოძახებაზე იყო გასული.
_ ოთხი მანქანა თუ მუშაობს, პატრულის დახმარება რაში დაგჭირდათ?
_ გამოძახებაზე იყვნენ გასულები. ხდება ხოლმე ასე. სასწრაფო-სამედიცინო მანქანები ქალაქის მასშტაბით 15 წუთში უნდა იყოს ადგილზე, სოფელში ცოტა მეტი დრო აქვს. იმ მომენტში მანქანა არ იყო ადგილზე და ამის გამო მოხდა ექიმების წასვლა პატრულის მანქანით.
_ ბოლო პერიოდში ხშირად არის პრობლემები გამოძახებასთან დაკავშირებით და ასევე გვიან მიდიან სამედიცინო დახმარების ბრიგადები გამოძახების ადგილზე.
_ ზოგადად ამ პროგრამას აქვს პრობლემა და მათ შორის მანქანების პრობლემაც არის. ეს ხომ ახალი არ არის. ჩვენ ვერ ვყიდულობთ ახალ მანქანას. გამოძახების 60% არის ფუჭი. ისეთი გამოძახება, რომელზეც სასწრაფოს არ უნდა იძახებდეს ადამიანი – სიცხე, წნევა. ამბულატორიული მომსახურება უკვე ყველასთვის უფასოა და პრობლემა არ არის, არის უბნის და სოფლის ექიმები და მაგ დროს მსოფლიოში არ იძახებენ სასწრაფო დახმარების მანქანებს. ამ 60%-მა რომ არ გამოიძახოს ფუჭად, ჩათვალეთ პრობლემა არ იქნება. საერთოდ მაგ პრობლემაზე ჯანდაცვის მინისტრი ფიქრობს და მისი ინტერვიუც იყო. ან ფასიანი უნდა იყოს ასეთი გამოძახება ან კიდევ უნდა რაღაცნაირად უნდა დარეგულირდეს ეს საკითხი. მანქანებიც ძველია რაზეა საუბარი ძვლის მოვიყვანეთ ოთხივე მწყობრში იყოს. ერთს ვაკეთებთ მეორეს ვაკეთებთ.
ამ პრობლემასთან დაკავშირებით, ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო “გურია ნიუსთან” აცხადებს:
_ ყველაზე პირველი, რაც გავაკეთე მოსვლის დღიდან, ეს იყო საქართველოს მასშტაბით სასწრაფო დახმარების სადგურების მენეჯერებთან შეხვედრა. მეორე _ დავუკავშირდი შინაგან საქმეთა სამინისტროს 112-ის სამსახურს და იმ დღიდან ძალიან მჭიდროდ მიდის ჩვენი თანამშრომლობა. რაც ამ მაგიდაზე დოკუმენტები აწყვია, ამის ნახევარი ეძღვნება სასწრაფო დახმარებას” _ განაცხადა დავით სერგეენკომ.