ცეცხლის ლოკალიზება სახანძრო ბრიგადებმა მოკლე დროში მოახერხეს, თუმცა, გვირაბის სიღრმეში ღია ცეცხლისა და კვამლის შედეგად, დაზიანდა მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებული განათებისა და სხვა კომუნიკაციის სისტემები.
საუღელტეხილო მონაკვეთზე, აღნიშნული შემთხვევიდან უმოკლეს დროში, დასავლეთის მიმართულებით მოძრაობა გადაერთო მარჯვენა გვირაბში.
ამ დროისათვის, ავტოტრანსპორტის მოძრაობა ხორციელდება დასავლეთის მიმართულებით მარცხენა გვირაბის გავლით, ხოლო აღმოსავლეთის მიმართულებით – ასაქცევი გზით.
შემთხვევის ადგილზე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენლები, სხვა შესაბამისი სტრუქტურების წარმომადგენლებთან ერთად იმყოფებიან და ზარალის მასშტაბს ადგენენ.
ინფორმაციისთვის, გორის საუღელტეხილო გვირაბების მშენებლობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადა 2013 წლის 15 მაისამდე ძალაშია და ამ პერიოდისათვის საბოლოოდ უნდა დასრულდეს გვირაბის სრულფასოვნად ფუნქციონირებისათვის აუცილებელი ყველა სახის ღონისძიება.
ამ ეტაპზე დასრულებულია გვირაბში ელექტროკომუნიკაციისა და უსაფრთხოების სისტემების მოწყობის სამუშაოები და მიმდინარეობს აღნიშნული კომუნიკაციების მართვის სისტემასთან სრულფასოვნად მიერთების პროცესი.