ირაკლი ოქრუაშვილი, დავით კეზერაშვილი, ბაჩო ახალაია და დიმიტრი შაშკინი _ თითოეული მათგანის მოღვაწეობის პერიოდს თავდაცვის სამინისტროში რევიზორთა რამდენიმეკაციანი ჯგუფი სწავლობს. შემოწმების პერიოდი საკმაოდ დიდია _ 2004-2012 წლები.
“გურია ნიუსის” კითხვაზე, არის თუ არა დანაკლისები ირაკლი ოქრუაშვილის მინისტრობის პერიოდში, არჩილ კბილაშვილმა განაცხადა: “ასე ზუსტად ვერ გეტყვით, ყველა პერიოდს ვსწავლობთ … ალბათ, ვნახოთ…”
“გურია ნიუსის“ ინფორმაციით, არსებობს აუდიტის აქტი, რომელიც 2008-2009 წლებში თავდაცვის სამინისტროში მიმდინარე ფინანსურ მდგომარეობას ასახავს, რომლის მიხედვითაც საკმაოდ დიდი ოდენობის გაფლანგულ თანხაზეა საუბარი.
როგორც ამ საქმეში გათვითცნობიერებულმა წყარომ გვაცნობა, 2008 წელს, თავდაცვის სამინისტროში ჩამოსულები იყვნენ ამერიკელი ექსპერტები, რომლებიც მათ მიერ გამოყოფილ ერთი მილიარდ ექვსასი ათასი დოლარს ეძებდნენ, უფრო ზუსტად კი ადგენდნენ, თუ რაში იქნა გახარჯული, მაგრამ ბევრი ვერაფერი გაარკვიეს. საუბარია კეზერაშვილის თავდაცვის მინისტრობის დროინდელ პერიოდზე.
“გურია ნიუსმა” ამ საკითხის გარკვევა საქართველოს მთავარ პროკურორთან, არჩილ კბილაშვილთან სცადა.
_ კეზერაშვილის საქმე, რომელიც გარეთ გამოვიდა და გასაჯაროვდა, არ ეხება თავდაცვის სამინისტროში მისი მინისტრობის პერიოდს.ეს ცალკე თემაა და მიმდინარეობს გამოძიება თავდაცვის სამინისტროში საფინანსო–ეკონომიკური საქმიანობის შემოწმების კუთხით. აღებული გვაქვს 2004 -2012 წლების პერიოდი. ძალიან დიდი მოცულობის საქმეა და რევიზორები გამალებით მუშაობენ. უამრავი ეპიზოდია, რომელიც ყურადღებას იმსახურებს და მიმდინარეობს მათი დამუშავება და შესწავლა. ეს იმდენად დიდი თემაა, რომ ალბათ ჩვენ მოგვიწევს პატარ–პატარა ეპიზოდების სრულად შესწავლა და გამოტანა. თორემ სხვანაირად, ეს რთული იქნება. მთელი წელი დაჭირდება. ათეულობით ეპიზოდის გამოტანა მოგვიწევს.