აღსანიშნავია, რომ ბიძინა ივანიშვილმა 16 კილოგრამიანი ბურთის დაჭერა პირადად სცადა, თუმცა, მამა საბას მიერ სამჯერ ნასროლი ბურთის დაჭერა ვერცერთხელ შეძლო.
პრემიერ-მინისტრი თამაშს თვალს აღფრთოვანებული ადევნებდა და წესებითაც ინტერესდებოდა.
_ სასწრაფო ხომ არ აქ? _ ეს კითხვა ივანიშვილმა მას შემდეგ დასვა, რაც ზემო და ქვემო შუხუთლების შერკინებამ ქუჩას მტვერი ადინა.
_ კი, აქ არიან… ლანჩხუთის საავადმყოფო მთელი წელი ისვენებს, იქ ისეთი ამბავია, პაციენტი არ მიდის და ერთადერთი დღეა, როცა კარგი მუშაობა აქვთ, _ პასუხი არ დაუყოვნებიათ ენაკვიმატ გურულებს.
ლელობურთის თამაშს, ბიძინა ივანიშვილთან და მის მეუღლესთან ერთად, თვალს ოზურგეთის, ჩოხატაურის და ლანჩხუთის მაჟორიტარი დეპუტატები ადევნებდნენ.
ლელობურთს სხვა პარლამენტარებიც _ ბიძინა გუჯაბიძე და ეკა ბესელიაც ესწრებოდნენ. განსხვავებით ბიძინა გუჯაბიძისგან, ბესელია პრემიერის სიახლოვეს არ გამოჩენილა.
რაც შეეხება ტრადიციული თამაშის გამარჯვებულს, წელს, სამწლიანი პაუზის შემდეგ გამარჯვებული ქვემო შუხუთის გუნდი გახდა.