“28 აპრილიდან 5 მაისის ჩათვლით თბილისის საპატრულო პოლიციის ეკიპაჟებმა საგზაო უსაფრთხოების წესების დარღვევისათვის მოტომფლობელებს სხვადასხვა სახის ჯარიმები გამოუწერეს. მძღოლების შემოწმებისას აღმოჩნდა, რომ 85 მათგანს არ ჰქონდა მართვის მოწმობა, 12-ს შესაბამისი კატეგორიის მართვის უფლება, 5 მათგანი მოძრაობდა ნასვამ მდგომარეობაში, ასევე ადგილი ჰქონდა სატრანსპორტო საშუალების გაჩერების შესახებ პოლიციელის მოთხოვნის დაუმორჩილებლობას.
მძღოლების შემოწმებისას ასევე დადგინდა, რომ 27 მათგანი მოძრაობდა სახელმწიფო სანომრე ნიშნების განთავსების წესების დარღვევით, რაც „საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ” საქართველოს კანონით დასჯადია და ითვალისწინებს ადმინისტრაციული წესით დაჯარიმებას, ხოლო 13-ს სანომრე ნიშანი შეცვლილი ჰქონდა.
მძღოლების მიერ საგზაო მოძრაობის წესების მასიურმა დარღვევამ გამოიწვია ავარიული სიტუაციების შექმნა, საგზაო მოძრაობის შეფერხება და ქალაქის მაცხოვრებლების უკმაყოფილება, რის შესახებაც მათ საჩივრებით საპატრულო პოლიციას მიმართეს. საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მიერ გამოვლენილი იქნა აღნიშნული სამართალდარღვევები და საქმის ყოველმხრივი, სრული და ობიექტური გამოკვლევის შედეგად გამოყენებული იქნა ადმინისტრაციული სახდელები საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისად.” _ აღნიშნულია განცხადებაში.