ამ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური პარლამენტის ოფიციალურ გვერდზე ავრცელებს.
დავითაშვილის ინიციატივა საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დაზღვევის ფონდის დაარსებას გულისხმობს, რომლის დაფინანსება ფიზიკური პირის მიერ გადახდილი საშემოსავლო გადასახადის 1/3-ით, საბიუჯეტო დოტაციით, შემოწირულობებით განისაზღვრება. კობა დავითაშვილის მოსაზრებით, ჯანმრთელობის საყოველთაო დაზღვევის ფონდში სამეთვალყურეო საბჭოს ხუთი წევრის არჩევა საკრებულოს არჩევნების დროს უნდა მოხდეს. დეპუტატის განმარტებით, კერძო სადაზღვევო კომპანიებს სახელმწიფო თანხები რაც შეიძლება მალე უნდა ჩამოერთვას და საყოვეთაო დაზღვევის ფონდში გადაინაცვლოს.
როგორც კომიტეტის სხდომაზე გაირკვა, პროექტს მხარს არ უჭერს იურიდიულ საკითხთა კომიტეტი, შენიშვნები აქვს არა მარტო ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტს, არამედ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტსაც. ინიციტივას მხარს არ უჭერს მთავრობა, რომელმაც პარლამენტს უარყოფითი დასკვნა წარუდგინა.