გზის ამ მონაკვეთის მშენებლობა მსოფლიო ბანკის დაფინანსებით მიმდინარეობს. სამუშაოებს კონტრაქტორი კომპანია “China Nuclear Industri” ახორციელებს.
პროექტის მიხედვით, საავტომობილო გზის ამ მიმართულების 8-კმ–იანი მონაკვეთი რეკონსტრუქციას ექვემდებარება, ხოლო 11-კმ-იანი მონაკვეთი ახალი მიმართულებით გაივლის. გზის სავალ ნაწილზე მოეწყობა ცემენტო-ბეტონის საფარი.
გარდა ამისა, პროექტი ითვალისწინებს 5 გზაგამტარისა და 3 სახიდე გადასასვლელის მშენებლობას. მდინრე ფრონესა და მდინარე ფცაზე აშენდება ორ–ორი პარალელური ხიდი; ასევე, აშენდება რკინიგზაზე გადასასვლელი ორი პარალელური ახალი გზაგამტარი.
დღეისთვის რუისისა და ქარელის გზაგამტარებზე დასრულებულია ხიმინჯების, როსტვერკებისა და კოლონების მოწყობის სამუშაოები; მიმდინარეობს რკინა-ბეტონის ოთხკუთხა გასასვლელებისა და წყალგამტარი მილების მშენებლობა; დასრულებულია ნახირის 2 გადასარეკი, 1 გასასვლელისა და 18 წყალგამტარი მილის ბეტონის ჩასხმის სამუშაოები. პარალელურად, მიმდინარეობს ნაბურღ–ნატენი რკინა-ბეტონის ხიმინჯების მოწყობის სამუშაოები მდინარე ფცაზე.
სამუშაოების მთლიანი ღირებულება 70 756 772.13 ლარს შეადგენს და მათი დასრულება 2014 წლის ბოლოსთვისა არის დაგეგმილი.