თბილისში ადამიანის უფლებათა ცენტრის სახელით არჩევნებს დააკვირდება ექსპერტი საარჩევნო საკითხებში, ნინა ხატისკაცი, რომელმაც ამავე დროს, რამდენიმე ტრენინგი ჩაატარა ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებლებისათვის. ცენტრის სახელით არჩევნებს ასევე დააკვირდებიან ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციის – ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტის წარმომადგენლები.
საპრეზიდენტო არჩევნებს ადამიანის უფლებათა ცენტრი აკვირდება ფონდ “ღია საზოგადოება – საქართველოს”, აშშ-ის საელჩოსა და NED-ის ფინანსური მხარდაჭერით. ეს პროექტები მოიცავს წინასაარჩევნო პროცესისა და უშუალოდ არჩევნების დღის მონიტორინგს. 27 ოქტომბერს დამკვირვებლების ნაწილი მთელი დღის განმავლობაში საარჩევნო უბნებზე იქნება მიმაგრებული, ნაწილი კი მობილურ ჯგუფებში გადანაწილდება და უბნიდან უბანზე იმოძრავებს.
ადამიანის უფლებათა ცენტრი არც ამ არჩევნებზე არღვევს ტრადიციას და განსაკუთრებული ყურადღებით აკვირდება ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ სოფლებს კახეთსა და ქვემო ქართლში.
არჩევნების მიმდინარეობის შესახებ საზოგადოებას ინფორმაციას მივაწვდით ფონდ “ღია საზოგადოება საქართველოს” მხარდაჭერით შექმნილი მედიცენტრიდან. ამ მიზნით მედიაცენტრში ადამიანის უფლებათა ცენტრი 27 ოქტომბერს ორ ბრიფინგს გამართავს – 15:30 საათზე და 21:30 საათზე. ხოლო 28 ოქტომბერს 14:00 საათზე ბრიფინგზე წარმოადგენს არჩევნების დღის შემაჯამებელ ინფორმაციას.