“როცა ამდენად ხარ დამოკიდებული სხვა ადამიანზე, ძნელია რაიმე წინააღმდეგობა გაუწიო და განსხვავებული აზრი დააფიქსირო, მაგრამ ეს აუცილებელია, ღარიბაშვილმა უნდა შეძლოს შედგეს ინდივიდუალურ პიროვნებად და პრემიერად. ვისურვებდი, ის ზეწოლები, რომელიც ჩემი აზრით რამდენიმე საკითხზე მას აუცილებლად ექნება, დაძლიოს და ხალხისთვის სასიკეთო გადაწყვეტილებები მიიღოს. ერთ-ერთი ასეთი საკითხია ხუდონის მშენებლობა”.
ჯონდი ბაღათურიას განცხადებით, საჭიროა ჰესების მშენებლობა, მაგრამ არა გიგანტურის და ამავე დროს საჭიროა გააზრებულად იქნეს ჰესებიდან მიღებული ელექტროენერგიის გამოყენება.
“ხუდონის მშენებლობას ლობირებენ ქართველები. არსებობს ქართული ბიზნეს-ინტერესი ამ გიგანტური ჰესის მშენებლობაში. ზოგადად არც ხუდონის და არც ჰესების მშენებლობის წინააღმდეგი არავინ არ არის. ჩვენს ქვეყანას სჭირდება ახალი ჰიდროელექტროსადგურები, ეს არის ეკოლოგიურად სუფთა და იაფი ელექტროენერგია. ამ მიმართულებით ნამდვილად გვჭირდება განვითარება, რადგან ქვეყნის ეკონომიკას სჭირდება გაძლიერება, მაგრამ ჩვენ არ გვჭირდება გიგანტური ჰესები, რომლებიც ცვლიან გარემოს, ჰესები რომლებიც ანადგურებენ სოფლებს და წარსულს. ხუდონს დიდი მნიშვნელობა აქვს რა ნიშნულზე გაჩერდება და ასევე ყველა ჰიდროელექტროსადგურს და მეორე, რაც ასევე მნიშვნელოვანია ხუდონის მშენებლობის დროს, ეს არის სად გაიყიდება ელექტროენერგია. თუ ელექტროენერგია გაიყიდება მაგალითად თურქეთში, გამდიდრდება ვიღაც ცალკეული პიროვნება. თუ ჩვენს ჰესებზე გამომუშავებული ელექტროენერგია შევა საქართველოს შეწონილ ტარიფში, ასეთ შემთხვევაში ელექტროენერგია გაიაფდება, რაც ძალიან კარგი იქნება როგორც ქვეყნის ეკონომიკისთვის, ზოგადად სოციალური პოლიტიკისთვის”.