ოზურგეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროს ლელა იმედაშვილის თქმით, ოლიმპიადა მუნიციპალიტეტის ყველა სკოლაში ჩატარდა.
ოზურგეთის #4 საჯარო სკოლის დირექტორი ტარიელ კალანდაძე ამბობს, რომ ტესტები მათ ელექტრონული ფოსტით გადაეგზავნათ და დღეს კი ოლიმპიადა პრობლემების გარეშე მიმდინარეობს მის სკოლაში.
“იმ ქვეყნებში, სადაც განათლებას პრიორიტეტად მიიჩნევენ, ყველა საკითხი წყდება ერთ კითხვაზე პასუხით: რა იქნება კარგი ბავშვისთვის/მოსწავლისთვის.
ჩვენთან საკითხები წყდება იმის მიხედვით, რა იქნება კარგი: სამინისტროსთვის, რესურსცენტრისთვის, დირექტორისთვის, მასწავლებლისთვის და, ბოლოს, ბავშვისთვის/მოსწავლისთვის.
ამის მკაფიო დასტურია სასკოლო ოლიმპიადა, რომელიც დღეს მაინც ტარდება, იმის მიუხედავად, რომ ტესტებმა გაჟონა და გუშინ “ფეისბუქზე” დაიდო. საღი აზრის და მოსწავლეთა ინტერესების გათვალისწინებით, იმის შემდეგ, რაც ტესტები გამოქვეყნდა, ოლიმპიადა უნდა ჩაშლილიყო. მაგრამ არ ჩაიშალა, რადგან “რესურსცენტრს სხვა არაფერი მოუწერია”. როგორც ჩანს, ბავშვების გარდა, ყველას ხელს აძლევს, რომ ეს ამბავი მიიჩქმალოს – ვითომც, არაფერი მომხდარა”, _ წერს ჟურნალისტი ია ანთაძე თავის “ფეისბუქის” გვერდზე.