აღმოსავლეთ საქართველოს შემდეგ, საინფორმაციო შეხვედრების ციკლი დასავლეთ საქართველოში- რაჭა-ლეჩხუმის, იმერეთის, სამეგრელოს, გურიისა და აჭარის მუნიციპალიტეტებში მიმდინარეობდა. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარემ გიორგი მიშელაძემ ადგილობრივი ხელისუფლებებისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურების წარმომადგენლებს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მნიშვნელობაზე ესაუბრა, კოოპერაციის განვითარებასთან დაკავშირებით სახელმწიფოს ხედვა გააცნო და სამომავლო გეგმები განიხილა.
გიორგი მიშელაძესთან ერთად, შეხვედრებს ესწრებოდნენ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს მიზნობრივი პროგრამების სამსახურის უფროსი კონსტანტინე ხუცაიძე და მონიტორინგის სამსახურის უფროსი დავით მამუკელაშვილი. ყველა შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.
გიორგი მიშელაძის განცხადებით, აქტიური კომუნიკაცია მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან ძალიან მნიშვნელოვანია, რათა მოსახლეობას სასოფლო-სამურნეო კოოპერატივებთან დაკავშირებული ინფორმაცია სწორად და ზუსტად მიეწოდოს. ამ მიმართულებით რეგიონებში ინტერესი საკმაოდ დიდია. განსაკუთრებით აქტუალურია ისეთი საკითხები, როგორიც არის სახელმწიფოსა და სააგენტოს როლი ფერმერული გაერთიანებების ჩამოყალიბების საქმეში, ასევე მხარდამჭერი ღონისძიებები და სტატუსის მინიჭების სამართლებრივი პროცედურები.
სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტო უახლოეს მომავალში შეხვედრების მეორე ეტაპის დაწყებას გეგმავს. სააგენტოს წარმომადგენლები, ამჯერად უკვე უშუალოდ მოსახლეობასთან გამართავენ შეხვედრებს.
საქართველოს პარლამენტისა და მთავრობის ერთობლივი მუშაობის შედეგად, 2013 წლის 12 ივლისს, საკანონმდებლო ორგანომ “სასოფლო სამეურნეო კოოპერატივების შესახებ კანონი მიიღო. კანონის საფუძველზე შეიქმნა საჯარო სამართლის იურიდიული პირი “სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტო“, რომელიც კოოპერატივებისთვის სტატუსის მინიჭებას, შეწყვეტას, მონიტორინგსა და სახელმწიფო პროგრამების განხორციელებას უზრუნველყოფს.