“ახალი კომისია არ იქნება ისეთი პოლიტიზირებული, როგორიც იყო წინამორბედი. მაშინ “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები დომინირებას ახდენდნენ დანარჩენ წევრებზე, რაც გადაწყვეტილებების მიღებაზეც აისახებოდა. დღეს უკვე ყოფილი წევრები ამბობენ, რომ ყველა გადაწყვეტილება პროკურატურაში იცხრილებოდა. ასე აღარ იქნება. ჩვენი კომისია 600 საქმეს განიხილავს და ნამდვილად სამართლიან და ჰუმანურ გადაწყვეტილებას მივიღებთ”.
თეა გოგოტიშვილის თქმით, კომისიაში სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები არიან, მაგრამ ჯგუფებს ნამდვილად მაღალკვალიფიციური და პროფესიონალი იურისტები ჰყავთ, რაც მუშაობის სამართლიანად და ეფექტურად განხორციელებისათვის აუცილებელია. მისივე განცხადებით, იგეგმება დებულების შეცვლა.
“ამ კვირის ბოლოდან იწყებს ახალი კომისია მუშაობას. ვიცი, რომ საპატიმროებში ჯერ კიდევ არიან წინა ხელისუფლების პერიოდში უსამართლოდ დაკავებული ადამიანები, რომლებიც ჩვენს სამართლიან გადაწყვეტილებას ელოდებიან. კომისიის შემადგენლობაში 3 წევრი ძველი შემადგენლობიდან არის დარჩენილი, დანარჩენი ახალი წევრებია, ყველა პროფესიის ადამიანები, მათ შორის – ჰუმანიტარები, საზოგადოების ის წარმომადგენლები, რომლებსაც შეუძლიათ სამართლიანი გადაწყვეტილების მიღება, ნაკლებად ექვემდებარებიან გარკვეულ გავლენებს. ჩვენი მთავარი პრიორიტეტი იქნება, მიღებულ იქნას სამართლიანი გადაწყვეტილება, რომლებიც ახლებური ხედვით შეუდგებიან მუშაობას”.
გოგოტიშვილი აცხადებს, რომ სამართლიანობის პრინციპი უნდა აღდგეს და ამ მიმართულებით ახალი ნაბიჯების გადადგმას გეგმავენ.
დღესვე შეწყალების კომისიის ახალ შემადგენლობაზე კომენტარი გააკეთა “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერმა, სოსო მანჯავიძემ და განაცხადა, რომ კარგი იქნებოდა წევრთა შემადგენლობაში პენიტენციალურ სფეროში გარკვეული ადამიანები ყოფილიყვნენ.
“წინა კომისია რაც იყო, ყველამ ვიცოდით, რომ პირდაპირ ექვემდებარებოდა სააკაშვილის ნებას. რაც შეხება ახალ შემადგენლონას, თავმჯდომარესთან პიროვნულად არავითარი პრეტენზია არ მაქვს. კარგია, რომ საჯარო პერსონაა, ცნობილია თავისი პოზიციებით და დარწმუნებული ვარ, გულით გააკეთებს სიკეთეს. რაც შეეხება თავად კომისიის შემადგენლობას და შერჩევის პრინციპს, ვერ გავიგე, რა პრინციპით შეირჩა. ჩემთვის მეტად მისაღები იქნებოდა იმ ადამინების ყოფნა ამ შემადგენლობაში, რომლებიც პენიტენციალურ სისტემაში ერკვევიან. იქ ვერ დავინახე ის ხალხი, ვინც ამაში ერკვევა”.