ამ ფაქტთან დაკავშირებით ქართველ მუსლიმთა კავშირმა სპეციალური განცხადება გაავრცელა, რომელსაც “გურია ნიუსი” უცვლელად გთავაზობთ.
“ვფიქრობთ, რომ ეს არის მოვლენა, როცა შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში იმარჯვებს დემოკრატია. ეს არის საქართველოს ყველა მოქალაქის მონაპოვარი, განურჩევლად რწმენისა და აღმსარებლობისა. ქართველი მუსლიმების სახელით გვსურს მადლობა გადავუხადოთ ყველას, ვინც მონაწილეობა მიიღო ამ პროცესის მშვიდად და დემოკრატიულად მოგვარებაში. კერძოდ, გვსურს მადლობა გადავუხადოთ საქართველოს მთავრობის იმ უწყებებს და პირებს, რომლებიც ჩაერთნენ და მიიღეს გონივრული გადაწყვეტილება მინარეთის თავის ადგილზე აღმართვასთან დაკავშირებით. მადლობას ვუხდით საქართველოს ყოფილ პრემიერ მინისტრს, ბიძინა ივანიშვილს, რომლის დიდი წვლილიც არის აღნიშნული საკითხის მოგვარებაში; სახალხო დამცველის აპარატს, მასთან არსებულ რელიგიათა საბჭოს ხელმძღვანელობას და მის ყველა წევრს; საქართველოში მოქმედ ყველა რელიგიურ ორგანიზაციას, განსაკუთრებით ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის წინამძღვარს, მთავარეპისკოპოსს მალხაზ სონღულაშვილს; საქართველოში მოქმედ არასამთავრობო და უფლებადამცველ ორგანიზაციებს, რეგიონალურ და ცენტრალურ მედია საშუალებებს, ჟურნალისტებს; საქართველოში მოქმედ დიპლომატიურ კორპუსს; ჩვენი მეგობარი ქვეყნების ელჩებს; უცხოეთში ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარების მხარდამჭერ საერთაშორისო ორგანიზაციებს. არ შეგვიძლია არ აღვნიშნოთ და მადლობა არ ვუთხრათ ადგილობრივ ქართველ მუსლიმებს მოთმინებისათვის, იმ გონივრული, მიზანმიმართული და სწორი ქმედებებისათვის, რამაც ხელი შეუწყო პროცესების მშვიდ და დემოკრატიულ ჩარჩოებში წარმართვასა და საბოლოო მოგვარებას. აქვე ვადასტურებთ ჩვენს პატივისცემას რეგიონის მართლმადიდებელი მრევლისადმი, რომლებიც პატივს სცემენ განსხვავებული მრწამსის ადამიანებთან ურთიერთობას და ხელს უწყობენ ადგილობრივ მუსლიმ მოსახლეობასთან კეთილმეზობლური კავშირების განმტკიცებას,’ _ ნათქვამია განცხადებაში.