საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები (მთავარი მწვრთნელი ნოდარ აკობია) ფინალური ეტაპის საგზურისთვის გერმანიის, სერბეთის და ირლანდიის ნაკრებებს გაეჯიბრება. ელიტ-რაუნდს სერბეთი უმასპინძლებს. საკვალიფიკაციო ტურნირში, რომელიც ოქტომბერში თბილისში გაიმართა, აკობიას გუნდმა სან მარინოს 3:1, ფარერის კუნძულებს კი 2:0 მოუგო, ხოლო ჰოლანდიასთან 0:1 დამარცხდა. ევრო 2014 9-21 მაისს მალტაში გაიმართება.
ნიონშივე გამოვლინდნენ ჩვენი გუნდის მეტოქეები ევროპის 2015 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირში. გაისად, შემოდგომით, ქართველი 17-წლამდელები ელიტ-რაუნდის საგზურის მოსაპოვებლად პორტუგალიელ, ესტონელ და ლიხტენშტაინელ თანატოლებს გაეჯიბრებიან.
19-წლამდელთა ნაკრების (მთავარი მწვრთნელი ვასილ მაისურაძე) მეტოქეები ისრაელის, შვეიცარიის და კვიპროსის გუნდები იქნებიან. მაისურაძის გუნდმა ნოემბრის შუა რიცხვებში თბილისში გამართულ საკვალიფიკაციო ტურნირში ზედიზედ მოუგო უელსს – 5:1, მოლდოვას – 2:0 და ჰოლანდიას – 2:1. ცნობისათვის: ვასილ მაისურაძის ხელმძღვანელობით 19-წლამდელთა ნაკრების არაერთმა ფეხბურთელმა 2012 წელს ევროპის 17-წლამდელთა ჩემპიონატის ნახევარფინალში იასპარეზა. ევროპის 2014 წლის ჩემპიონატს 19-31 ივლისს უნგრეთი უმასპინძლებს. ფინალური ეტაპის საგზურს მხოლოდ პირველადგილოსნები მიიღებენ.
ამავე ასაკში ევრო 2015-ის საკვალიფიკაციო ტურნირში საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები მე-11 შესარჩევ ჯგუფში მოხვდა რუმინეთთან, მონტენეგროსთან და კვიპროსთან ერთად. ოფიციალური მატჩები 2014 წლის შემოდგომით შედგება.