შეხვედრებზე სახელმწიფო მინისტრმა მადლობა გადაუხადა ვატიკანს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის გატარებისათვის. ალექსი პეტრიაშვილმა კარდინალებს ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის ფედერაციის მხრიდან საოკუპაციო ხაზების გავლების ფაქტებსა და საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესის დინამიკაზე.
თავის მხრივ, ანტუან კამილერიმ და პიტერ აპია ტურკსონმა დაადასტურეს ვატიკანის მზაობა, მომავალშიც განაგრძოს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერა.
“ვატიკანის პოზიცია საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან, საქართველოს დეოკუპაციის პოლიტიკასთან და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარებასთან დაკავშირებით არის უცვლელი, ურყევი და ისინი ყოველმხრივ მხარს უჭრენ იმ საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებას, რომელიც რუსეთს ნაკისრი აქვს 2008 წლის ხელშეკრულებით”, _ განაცხადა ალექსი პეტრიაშვილმა შეხვედრების დასრულების შემდეგ.
შეხვედრებზე მხარეებმა საქართველო-ვატიკანს შორის თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებზეც ისაუბრეს. ხაზი გაესვა ერთობლივი კულტურული ღონისძებების ჩატარებისა და მაღალი დონის ვიზიტების დაგეგმვის მნიშვნელობას.