მომხსენებლი აღნიშნულ საკითხზე შს მინისტრის მოადგილე ლევან იზორიაა, რომელიც აცხადებს, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეების შემოსვლა და მათი საქართველოში საქმიანობა მოუწესრუგებელი იყო და ეს სფერო ამიერიდან რეგულაციებს უნდა დაექვემდებაროს.
მისივე თქმით, პრაქტიკულად, ქვეყანაში არალეგალები იყვნენ, რომელზეც არანაირი სახელმწიფო კონტროლი არ ხორციელდებოდა. კანონპროექტის თანახმად, ვიზების გაცემა უცხო მოქალაქეებზე რეგულაციას დაექვემდებარება. ასევე იქნება სხვადასხვა კატეგორიის ვიზები, რომლებიც საჭიროებისამებრ გაიცემა. ამასთან, მთავრობის განკარგულებით შედგება იმ ქვეყნების ნუსხა, რომელთა მოქალაქეებს უვიზოდ შეეძლებათ საქართველოში შემოსვლა.
“დღემდე მიგრაციის სფერო იყო ყოვლეგვარი რეგულაციის მიღმა დარჩენილი. ანუ პრაქტიკულად, როცა საქართველოში უცხოელი შემოვიდოდა ყოველგვარი ვიზის გარეშე, შეეძლო ერთი წელი საქართველოში ყოფილიყო და პრაქტიკულად, არანაირი კონტროლი არ ხორციელდებოდა იმის, თუ ვინ იყო კანონიერად საქართველოში. ეს რეგულაცია გულისხმობს, რომ მთავრობის განკარგულებით განისაზღვრება ქვეყნების ნუსხა, რომლის მოქალაქეს შეეძლება საქართველოში უვიზოდ შემოსვლა. დღეს ამ ქვეყნების სია განუსაზღვრელად დიდია, რაც პოტენციურად იმის საფუძველს იძლევა, რომ არალეგალები გვყავდეს ქვეყანაში. ეს არის ასევე ევროკავშირთან ურთიერთობის ფარგლებში ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა. საუბარია ვიზების ლიბერალიზაციის მთავარ მოთხოვნაზე, სადაც ასევე დაყენებულია საკითხი, რომ მიგრაციის სფერო დარეგულირებული იყოს საქართველოში. ეს რეგულაცია გულისხმობს ვიზების ტიპების შემოღებას, გრძელვადიან და მოკლევადიან ვიზაზე. ეს ასევე, გულისხმობს ბინადრობის ნებართვის სხვადასხვა სახეებს და შესაბამისად, ამ კანონპროეტქის მიღების, შემდეგ უცხოელთა შემოდინება საქართველოში დაექვემდებარება მოწესრრიგებას, რეგულაციას დ აღარ იქნება ისეთი სახის, როგორიც დღეს არის. პოტენციურად უცხოელები ყოველგვარი საფუძვლის გარეშე რჩებიან აქ და აგრძელებენ ცხოვრებას და მოღვაწეობას,” _ აღნიშნა იზორიამ.
შეუშლის თუ არა ხელს აღნიშნული კანონი საქართველოში ტურისტების შემოსვლას, იზორია აღნიშნავს, რომ ვერ შეუშლის, რადგან ტურისტებზე ორდინალური ვიზები გაიცემა და ისინი უპრობლემოდ შეძლებენ საქართველოში შემოსვლას ისევე, როგორც დადიან ევროპის და ამერიკის ქვეყნებში.