ბესელიამ ჟურნალისტებს ბიუროს მიერ მიღებული სხვა დოკუმენტიც, კერძოდ, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლეების: მერაბ ტურავას, ნინო გვენეტაძის, თამარ ლალიაშვილისა და მურმან ისაევის უზენაესი სასამართლოს წევრის უფლებამოსილების ვადაზე ადრე უკანონოდ შეწყვეტის თაობაზე კომიტეტის დასკვნა გააცნო.
ეკა ბესელია განცხადებით, პარლამენტში 20 ათასზე მეტიმოქალაქის პეტიცია შევიდა. პეტიციის თანახმად, უნდა მოხდეს 2004-2012 წლებში ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტების შესწავლა, რის შემდეგაც პარლამენტმა შესაბამისი სამართლებრივი და პოლიტიკური შეფასება უნდა გააკეთოს. ბესელიას განმარტებით, კომიტეტი რამდენიმე თვის განმავლობაში სწავლობდა საერთაშორისო ოფიციალური სტრუქტურების ანგარიშებს კონკრეტულ დარღვევებთან დაკავშირებით.
_ დადგინდა, რომ აღნიშნულ წლებში კონსტიტუციით განსაზღვრული, ადამიანის ძირითადი და ფუნდამენტური უფლებების დარღვევები სისტემური ხასიათის იყო, ადგილი ჰქონდა სიცოცხლის უფლების ხელყოფას, არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობას, ირღვეოდა ფიზიკური ხელშეუხებლობისა და თავისუფლების უფლება, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, სამართლიანი სასამართლოს უფლება, შეკრებებისა და მანიფესტაციების უფლება, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა, ქონების და კერძო საკუთრების უფლება, _ განაცხადა ეკა ბესელიამ.
კომიტეტის თავმჯდომარის განმარტებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო და მთავარი პროკურატურა ამ დარღვევებით დაინტერესდება. აღნიშნულ უწყებებს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილება უკვე გაეგზავნათ.