ვიდეოფირების თემს გამოეხმაურა “ნაციონალური მოძრაობის წევრი” აკაკი მინაშვილი და სუბარის თანამდებობიდან გადადგომა მოითხოვა. მინაშვილმა სასჯელაღსრულების მინისტრი ტყუილის თქმაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ “სუბარი ცრუობს, როდესაც ამბობს, რომ მას არასდროს უთქვამს – ვიდეოფირები იშლება არა 24 საათში, არამედ 10 დღეში ან 10 დღის შემდეგ”.
“რაც უფრო მეტი დრო გადის, ჩვენ ღრმად ვრწმუნდებით, რომ “ქართული ოცნების” ხელისუფლებამ დაიმკვიდრა არა როგორც ქვეყნისათვის, მოსახლეობისათვის სასიკეთო საქმის მკეთებელი ხელისუფლების სახელი, არამედ კვალიფიკაცია აიმაღლა ტყუილსა და ფაქტების ფალსიფიკაციაში. ყველა ის ფაქტი, რომელიც ეხება ვიდეოფირების წაშლას არის დანაშაულის დაფარვა და ეს თავისთავად კრიმინალია. ყველა ადამიანი, ვინც ამაში მონაწილეობს დამნაშავეა. როგორც ჩანს, ამ დანაშაულის მთავარი ორგანიზატორი სწორედ პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილია, აღმსრულებელი კი, ბატონი სოზარ სუბარი. ეს არის კიდევ ერთი ნათელი მაგალითი შერჩევითი მართლმსაჯულებისა. ჩვენ კიდევ ერთხელ მოვითხოვთ, რომ ამ დანაშაულისათვის გადაყენებულ იქნეს სოზარ სუბარი და მის წინააღმდეგ დაიწყოს გამოძიება. როგორც ჩვენ ეს, დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად, მოვახერხეთ ყაჩაღ ფარცხალაძის მიმართ, ასევე მოვახერხებთ, რომ ამ შემთხვევაში გადააყენონ სოზარ სუბარი”.
სუბარის თანამდებობიდან გადაყენებას ითხოვებ საზოგადოებრივი კავშირი “დროა” და არასამთავრობო ორგანიზაცია “აპრიორიც”. ამის შესახებ ინფორმაციას ორგანიზაციების წარმომადგენლები თამთა შამათავა და ბესო შენგელია ავრცელებენ.