ხელშეკრულების თანახმად, სახელმწიფოს მიერ ნედლეულის შესაძენად გაცემული დახმარების მიღებას 800 000-მდე ფერმერი ლიბერთი ბანკის მიერ სპეციალურად ამ პროექტისთვის დამზადებულ “აგრობარათზე” დარიცხული ქულების საშუალებით შეძლებენ. ფერმერები ბარათს უსასყიდლოდ მიიღებენ.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, “აგრობარათი” წარმოადგენს თანამედროვე, უკონტაქტო ტიპის ბარათს მულტისავალუტო ანგარიშით, რომლის მფლობელიც არაერთი დამატებითი უპირატესობით ისარგებლებს, კერძოდ: ბარათი გრძელვადიანია და მისით სარგებლობა მომხმარებელს 10 წლის მანძილზე შეეძლება; ასეთ საბარათე ანგარიშზე განთავსებულ ლარში დენომინირებულ ნაშთებს (სუბსიდიის ქულების გამოკლებით) დაერიცხება საპროცენტო სარგებელი წლიური 5%-10%-ის ოდენობით; ბარათის მფლობელები ჩაერთვებიან ლიბერთი ბანკის კლიენტების ლოიალობის პროგრამაში და ისარგებლებენ 10%-დან 50%-მდე ფასდაკლებით 100-ზე მეტ სავაჭრო ობიექტში (ობიექტების სრული ჩამონათვალი იხილეთ ვებგვერდზე www.cheap.ge); ფერმერებს ასევე ექნებათ შესაძლებლობა მობილური ტელეფონის საშუალებით აკონტროლონ საკუთარი ბალანსები, შეღავათიანი ტარიფებით გადაიხადონ კომუნალური გადასახდელები, განახორციელონ ტრანზაქციები თიბისი ბანკისა და ლიბერთი ბანკის პოს ტერმინალებსა და ბანკომატებში და ისარგებლონ ლიბერთი ბანკის სხვა პროდუქტების შეღავათიანი პირობებით (ბარათის გამოყენების ინსტრუქცია 30 იანვრიდან შეგიძლიათ იხილოთ ვებგვერდზე www.agricard.pay.ge)