მისი განცხადებით, წინა ხელისუფლების მმართველობის პერიოდში ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი იყო ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობისთვის გასახორციელებელი პროექტების მომზადება და განხორციელება. მისი თქმით, იმ პერიოდში გახორციელდა არა ერთი პროექტი, რომელმაც უზრუნველყო, როგორც ენერგოდამოუკიდებლობა, ისე 24-საათიანი ელექტრომომარაგება. მელიქიშვილის განცხადებით, აღნიშნულ პროექტს საფუძველი ჩაეყარა 2012 წლის აგვისტოს დასაწყისში და ცუდია, როცა ახალი მთავრობა წინამორბედის დამსახურებას არაფრად თვლის.
– ჩვენ მომსწრენი გავხდით, როგორი ზარ-ზეიმით გახსნა ირაკლი ღარიბაშვილმა ჩვენივე დაწყებული პროექტი. ამ პროექტს დღევანდელი მთავრობის პოლიტპატიმრის, ვანო მერაბიშვილის პრემიერ-მინისტრის პოსტზე ყოფნის დროს ჩაეყარა საფუძველი ალექსანდრე ხეთაგურისა და ნიკა გილაურის მიერ. მიგვაჩნია, რომ ამ თბოელექტროსადგურის მშენებლობა ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია. ასევე, მნიშვნელოვანია “ჩალიქ ჰოლდინგის” შემოყვანაც, მაგრამ არ შეიძლება არ ითქვას, რომ ხეთაგურის ხელშეკრულების პირობები გაცილებით უკეთესი იყო, ვიდრე კალაძისა (პროექტის ღირებულება 199 მილიონი, ნაცვლად 220 მილიონისა. პირველი ხელშეკრულებით “ჩალიქი” მხოლოდ აშენებდა, არსებული ინფორმაციით კი, უშუალო მოწილე გახდა. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ამ სადგურის მშენებლობა (ისევე, როგორც ბევრი სხვა მნიშვნელოვანი პროექტისა) შეაჩერა დღევანდელმა ხელისუფლებამ, ზემოაღნიშნულიდან ნათლად ჩანს, რომ ჩვენ დავკარგეთ 1,5 წელი, დაახლოებით, 20 მილიონი და მომავალი მოგების წილი, _ განაცხადა მელიქიშვილმა.
ზურაბ მელიქიშვილმა აღნიშნა, რომ პროექტის საზეიმო გახსნისას ურიგო არ იქნებოდა პრემიერს იმ ადამიანებისთვის გადაეხადა მადლობა, რომლებმაც რეალურად ჩაუყარეს პროექტს საფუძველი.